ცხინვალი საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივ სწავლებას – „კავკასიის არწივი 2022“-ს ეხმაურება, რომელიც საქართველოში იმართება.
მათი განცხადებით, „სამხრეთ ოსეთში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს სამხედრო-სამრეწველო პოტენციალის ზრდისა და მოდერნიზაციის განგრძობითი პროცესი.“
„ოფიციალური თბილისის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე უარი, სამხრეთ ოსეთის საზღვრების სიახლოვეს სამხედრო სწავლებების გამართვა, სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაციისა და სამხედრო პოლიტიკური დაძაბულობის გამომწვევი ფაქტორია.“ – აცხადებენ ცხინვალში.
შეგახსენებთ, რომ მუხროვანში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი სწავლება გაიხსნა. სწავლების მიზანია საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების მიერ სპეციალური ძალების შესაძლებლობების სინქრონიზაციისა და კოორდინაციის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, ურთიერთთავსებადობის ამაღლება და მრავალეროვნულ გარემოში მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება.