LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხედრო ექსპერტი: უკრაინაში ომის პარალელურად, საქართველო ყველა შესაძლო სცენარისთვის უნდა მოემზადოს, რადგან გაგიჟებული მეზობელი გვყავს, რომელიც მთელი მსოფლიოს გამწარებაზეა გადასული

487
აკია ბარბაქაძე

სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის პარალელურად, საქართველო ყველა შესაძლო სცენარისთვის უნდა მოემზადოს, მათ შორის ომისთვის. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა, სასწრაფოდ უნდა მოხდეს 30 ათასი აქტიური რეზერვის გაშლა, რასაც მხოლოდ პოლიტიკური ნება და თანხის გამოყოფა სჭირდება.

აკია ბარბაქაძის თქმით, „თავის მოტყუებაა ის, რომ რუსეთს ენის მოჩლექით დაელაპარაკები და ის თავის გასაკეთებელს არ გააკეთებს“.

„ის, რომ გარკვეული საფრთხის მატარებელია საქართველო რუსეთისგან, ამას ამბობს სტოლტენბერგიც და სხვათა შორის, ამას აღიარებს ღარიბაშვილიც. როდესაც უკრაინაში ომია, უმაღლესი მთავარსარდალი ქვეყანაში უნდა იყოსო, აქედან გამომდინარე, ქვეცნობიერად, ღარიბაშვილმა აღიარა, რომ მათ აქვთ ინფორმაცია გარკვეული საფრთხის შესახებ, რომელსაც საზოგადოებას გვიმალავენ. არ ხდება შეიარაღებული ძალების პოტენციალის გაზრდა, არ ხდება საზოგადოების მომზადება ომისთვის. არ მიდის პროპაგანდა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენი დასაცავია.“– განაცხადა ბარბაქაძემ.

მის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქართული საზოგადოება და შეიარაღებული ძალები ომისთვის მზად იყოს.

„ჩვენ გვყავს არაპროგნოზირებადი, გაგიჟებული მეზობელი, რომელიც მთელი მსოფლიოს გამწარებაზეა გადასული. ამ მსოფლიოს ნაწილი ვართ ჩვენც. ნურავინ იქნება იმ ილუზიით, რომ აქ რომელიმე პიროვნება, რომელიმე სახელმწიფო ლიდერი რაღაც საერთო ენას ნახავს რუსეთთან. მათთვის ერთადერთი საერთო ენა არის კაპიტულაცია, კოლონიად გამოცხადება და რუსეთის იმპერიაში გუბერნიად შესვლა, მაშინ დალაგდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც დამოუკიდებელ, თავისუფალ, სუვერენულ სახელმწიფოს რუსეთი საქართველოს ვერ აიტანს“, – განაცხადა ბარბაქაძემ.

მისი თქმით, ამის რეალური საფრთხე არსებობს.

„ხედავთ, რომ არგაღიზიანების პოლიტიკა არ მუშაობს, არ აჩერებს მცოცავ ბორდერიზაცის და მცოცავ ოკუპაციას, არ წყდება მუქარა, გვემუქრებიან, რომ ლუგარის ლაბორატორიას დაგვიბომბავენ. ოფიციალური პირები დიდი ხანია ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ შეთქმულების თეორიებს ხლართავენ“, – განაცხადა ბარბაქაძემ.

მისი შეფასებით, საქართველოს და უკრაინას საერთო მტერი – რუსეთი ჰყავს.

„ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად, ერთობლივი ძალისხმევით საერთო მტრის წინააღმდეგ, თუ გვინდა, რომ საქართველო ერთხელ და სამუადამოდ დავიხსნათ და გავათავისუფლოთ იმ მდგომარეობიდან, რასაც ოკუპაცია, ქვეყნის, სახელმწიფოს განადგურება ჰქვია. რუსეთის საბოლოო ამოცანაა გუბერნიად ჩაიგდოს საქართველო თავის იმპერიაში.“ –განაცხადა ბარბაქაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები