Presstv-ის ინფორმაციით, ირანმა სირიაში, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე ავიაიერიშები მიიტანა. თეირანში განარტავენ, რომ ავიაიერიშების სამიზნე ის ტერორისტები იყვნენ, ვინც 22 სექტემბერს ირანში სამხედრო აღლუმისას ტერაქტი განახორციელა.
მათი ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციაში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრები მონაწილეობდნენ. სამხედრო მაღალჩინოსნებს განცხადებით, ავიაიერიშის შედეგად ლიკვიდირებულია რამდენიმე ტერორისტი, ასევე განადგურებული იარაღის საწყობები და საბრძოლო ტექნიკა.
22 სექტემბერს სამხედრო აღლუმზე განხორციელებული თავდასხმისთვის 22 ადამიანი დააკავეს, აცხადებენ ირანის დაზვერვის სამინისტროში.
როგორც ცნობილია, 22 სექტემბერს სამხედრო აღლუმზე განხორციელებულ თავდასხმას 25 ადამიანი ემსხვერეპლა, 60-მდე კი დაიჭრა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
მომხდარი ტერაქტის გამო, ირანმა ევროპის 3 ქვეყნიდან ელჩები გაიწვია, ეს გადაწყვეტილება ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო. ლაპარაკია ნიდერლანდებზე, დანიასა და დიდ ბრიტანეთზე. როგორც თეირანში აცხადებენ, ეს ქვეყნები იმ პირების დაკავებას აფერხებენ, რომელთაც ირანი ტერორისტებად მიიჩნევს, კონკრეტულად ვისზე ან რა დაჯგუფებაზეა საუბარი, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ ამ თავდასხმაში ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა და პრეზიდენტმა აშშ-ის “მარიონეტები”, კერძოდ კი სპარსეთის ყურის ქვეყნები დაადანაშაულეს.