პრემიერმინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საპარლამენტო გუნდს შესთავაზა, რომ პარლამენტში არსებულ პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციები დაიწყონ, რათა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა შემდეგი ორი დღის განმავლობაში შედარებით შემჭიდროვებულ ვადებში განხორცილედეს. როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, სამინისტროების რაოდენობა დღეს არსებული 14-დან 11-მდე შემცირდება, თუმცა რეფორმა დროს საჭიროებს და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება კანონით დადგენილ ვადებში ვერ ესწრება.
“უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს საქართველოს მთავრობას და მის პროგრამას, ამ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი კი, მცირე მთავრობის კონცეფციაა, რაც გულისხმობს მოქნილ და ეფექტურ სამთავრობო სტრუქტურებს და შემცირებულ მთავრობის ზომას მთლიან ეკონომიკაში.
ჩვენს მიერ დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში მთავრობაში შემავალი სამინისტროების რაოდენობა დღეს არსებული 14-დან 11-მდე შემცირდება. ეს რეფორმა საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც შესაბამის დროს და პროცედურებს მოითხოვს და ჩვენთვის ნდობის გამოცხადება სამწუხაროდ, კანონით დადგენილ ვადებში ვერ ესწრება. შედეგად ვიღებთ ვითარებას, როცა ხვალ პარლამენტის წინაშე, ნდობის მოსაპოვებლად უნდა წარვდგეთ დღეს არსებული სამთავრობო სტრუქტურით და კაბინეტის წევრთა ფორმალური შემადგენლობით, რომელთა ნაწილი ახალი კაბინეტის წევრი აღარ იქნება. ხოლო დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ, როცა საკანონმდებლო და საკადრო ცვლილებები განხორციელდება და დასრულდება კონსულტაციები პარლამენტში, განხილვები კომიტეტებზე და პლენარულ სხდომაზე ხელახლა უნდა გავიაროთ უკვე განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან ერთად.
სამთავრობო პროგრამისა და მთავრობის პერსონალური შემადგენლობის დეტალური განხილვა, მინისრტთა კაბინეტის ახალი სტრუქტურის წარდგენის დროს მოვახდინოთ, როცა პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად წარდგებიან უშუალოდ ის მინისტრები, ვინც ჩემთან ერთად უნდა იტვირთოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე. აქვე მინდა დავაზუსტო, რომ სამთავრობო პროგრამა სრულად არის მზად და დღეს იგი დადგენილი პროცედურის თანახმად, განსახილველად შევა პარლამენტში. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პარლამენტში ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ამ საკითხზე კონსენსუსი შედგება,”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.