სამინისტროების გაერთიანების ერთადერთი მიზანი იუსტიციის მინისტრის გაშვება იყო, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. გოცირიძე ამბობს, რომ ცვლილებების შედეგად ბიუროკრატიული ხარჯები არ მცირდება.
„დიდი ტანჯვა–წამების შემდეგ დაამტკიცა პარლამენტმა სტრუქტურული ცვლილებები, რომლის შედეგ აღმოჩნდა, რომ არაფერი იზოგება ბიუჯეტიდან, არც ერთი თეთრი. არ მცირდება ბიუროკრატიული ხარჯები და პროგრამები. ვამბობდი, რომ ამის შერწყმით, შედეგი არ იქნებოდა. ეს დაამტკიცა არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევამ, რომ სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს შეერთებით ხარჯები არა თუ შემცირდა, არამედ მცირედით გაიზარდა. ვერავინ ამოხსნა ეს რებუსი, რატომ მოხდა ამდენი დავიდარაბა ამ შერწყმების სანაცვლოდ. ზედაპირულად, 14–ს ჯობია 11, მაგრამ თუ სიღრმეში ჩავიხედავთ, მივიღებთ იგივეს. როგორც ჩანს, ერთადერთი მიზანი ჰქონდა ამას, ამ გაერთიანების შედეგად, როგორმე გაეშვათ წულუკიანი. ვნახავთ, მიაღწიეს თუ არა ამ მიზანს და ვნახავთ, საჭირო იყო თუ არა ამდენი წვალება ამისთვის“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.