LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი ქულა მეოთხე კალათისთვის: დღეს საქართველოს მთელი საქართველო ნახავს

KJR_4143-1024x623

საქართველოს დღეს წლის ბოლო ოფიციალური მატჩი აქვს. ერთა ლიგის დასკვნით შეხვედრას ვლადიმირ ვაისის გუნდი ყაზახეთთან გამართავს. ანდორასთან შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო ნაკრებს, გიორგი ნავალოვკის შემდეგ ბაჩანა არაბულიც გამოაკლდა. ვარჯიშზე ოთარ კიტეიშვილი დაშავდა და გრაცის „შტურმის“ ქართველი ლეგიონერი შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ანდორასთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს სამი მოთამაშე ვერ დაეხმარება, სწორედ ამიტომ, მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით ყაზახეთთან მატჩის განაცხადში თბილისის „საბურთალოს“ წევრი ლადო დვალიშვილი იქნება. საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

მატჩისწინა ვარჯიშამდე ვლადიმირ ვაისმა მედიის შეკითხვებს უპასუხა.

ვლადიმირ ვაისი:

„ყაზახეთთან საინტერესო თამაშს ველით, სადაც გამარჯვებასა და სამი ქულის მოპოვებას ვგეგმავთ. ჩვენი მიზანია, რომ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის დროს მეოთხე კალათაში ვიყოთ და აღნიშნული სამი ქულა სწორედ ამაში დაგვეხმარება. გუნდში კარგი განწყობაა, ყველას ყაზახეთის დამარცხება და გულშემატკივრის გახარება სურს. ეს, რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება. ერთა ლიგის დაწყებამდე ყაზახეთი ჯგუფის ერთერთ ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა, ჩემი აზრით, ფეხბურთელები მზად არიან, რომ ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშონ და ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულონ.

ყაზახეთი-ლატვიის შეხვედრას ვუყურეთ და გავაანალიზეთ. მასპინძლებს საკმაოდ ბევრი საგოლე შანსი ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. შეიძლება ითქვას, რომ ყაზახებს ჩვენი მსგავსი ხარვეზი აქვთ და ეს საგოლე მომენტების ვერ გამოყენებას უკავშირდება.

შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება, მათ შორის – იძულებითი.

ფაქტობრივად, მთელი შესარჩევი ტურნირის განმავლობაში ძირითადი შემტევების გარეშე გვიწევს თამაში. ეს ფეხბურთია, ტრავმები და ბარათები მისი შემადგენელი ნაწილია და ამ თემაზე წუწუნი არ ღირს. ჯგუფი სწორედ იმ ფეხბურთელებმა მოგვაგებინეს, რომლებიც ახლა ნაკრებში არიან, ამისთვის მათ მადლობა უკვე გადავუხადე და მიხარია, რომ შანსი გამოიყენეს. მოედანზე ის საუკეთესო თერთმეტეული გავა, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოს ჰყავს.“

საქართველოს ნაკრების 21-კაციანი შემადგენლობა ყაზახეთის წინააღმდეგ:

მეკარეები

გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები

ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები

ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი)

თავდამსხმელები

ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ვლადიმერ დვალიშვილი (საბურთალო)

საქართველო-ყაზახეთის შეხვედრა, დინამო არენაზე 19 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

 

ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დახმარებით, ქვეყნის 4 სხვადასხვა რეგიონში საქართველოს ნაკრების წლის ბოლო ოფიციალური მატჩის ღია ჩვენება გაიმართება.

ბათუმის დრამატულ თეატრთან არსებული სივრცე უმასპინძლებს საქართველო – ყაზახეთის მატჩის საფეხბურთო გარემოში ნახვის მსურველებს. სკვერში ეკრანი, შესაბამისი აპარატურა და დასაჯდომი ადგილები მოეწყობა.

ქუთაისის ცენტრში, მონ-პლაზირის თაღის ქვეშ არსებულ ღია კინო-თეატრში შეეძლება მატჩის ხილვა იმერელ გულშემატკივარს. მატჩის ღია ჩვენებას ვეტერანი ფეხბურთელებიც დაესწრებიან.

რაჭაში, კერძოდ ამბროლაურში უკვე მოეწყო შესაბამისი ადგილი ქართული ფეხბურთის გულშემატკივართათვის. ამინდიდან გამომდინარე, ჩვენება დახურულ სივრცეში, ჰილს პლაზაში გაიმართება.

კიდევ ერთი საფეხბურთო წერტილი იქნება თელავშიც, თეატრთან არსებულ მონიტორზე, სადაც გულშემატკივარს საქართველო-ყაზახეთის დაპირისპირების საფეხბურთო ატმოსფეროში ხილვა შეეძლება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები