LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეგრელოში შესაძლოა ხვალიდან აგრარული ბაზრები დაიკეტოს: გამოსასწორებელი ვადა დღეს იწურება

281
2ბაზარი

სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომების გაუთვალისწინებლობისა და ჰიგიენური ნორმების დაუცველობისთვის ხვალიდან შესაძლოა ზუგდიდის, ფოთის და სენაკის აგრარული ბაზრები დაიკეტოს. განცხადება ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გააკეთა. ალექსანდრე მოწერილიას განმარტებით, არაერთი გაფრთხილება მიეცა აღნიშნულ აგრარულ ბაზრებს, თუმცა მოქალაქეები მაინც არ იცავენ სოციალური დისტანციას და სხვა რეკომენდაციებს, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტოს და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები იძლევიან. მხარის რწმუნებულმა მოვაჭრეებს ერთდღიანი გამოსასწორებელი ვადა მისცა და აღნიშნავს, რომ მოქალაქეების უპასუხისმგებლობა აიძულებს მიიღოს მკაცრი ზომა.

“სამწუხაროდ, გვაქვს მოცემულობა, სადაც არც ჰიგიენის ნორმები და არც დისტანცია არ არის დაცული. თუ არ გამოსწორდა სიტუაცია და არ იქნა გათვალისწინებული ის რეკომენდაციები, რაც სურსათის უვნებლობის სააგენტომ დაადგინა, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ დაიხუროს ზუგდიდის, ფოთის და სენაკის აგრარული ბაზრები.  ის, რაც ხდება აღნიშნულ ბაზრებში, არის უპასუხისმგებლობა. მე ვთხოვ თითოეულ მოვაჭრეს, მოქალაქეს, რომ ნუ გვაიძულებენ მივიღოთ მკაცრი ზომა. უახლოეს ერთ დღეში თუ არ გამოასწორეს მდგომარეობა, იძულებული ვიქნები დავკეტო ბაზრები”, – აცხადებს ალექსანდრე მოწერილია.

აგრარულ ბაზარს, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქალაქელებისთვის, ასევე მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლის მოსახლეობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში რამდენიმე დიდი სუპერმარკეტი ფუნქციონირებს, მოსახლეობის უმრავლესობა მაინც აგრარული ბაზრის მომხმარებლები არიან. თუ დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროდუქტის გამოლევის შიშით ხალხი მარკეტებს მიმართავდა, რეგიონის მოსახლეობამ საკვები და სხვა საჭირო პროდუქტის შეძენა აგრარულ ბაზარში არჩია. ამიტომ, აღნიშნულ საბაჭრო ტერიტორიაზე დღემდე ხალხმრავლობაა.

“ფორტუნასთან” საუბარში ბაზრის ერთ-ერთი გამყიდველი ყვება, რომ ის მდგომარეობა, რაც დღეს ბაზარში ხდება, არც ერთ დღესასწაულზე არ ახსოვს.

“ყველაზე ბევრი კლიენტი ბაზარში ახალი წლის ან აღდგომის წინა დღეებში გვყავს. ახლა რაც ხდება, ასეთი 19 წელია აქ ვმუშაობ და არ მახსოვს. რომ ჩივიან ფული არ გვაქვსო, იმდენი პროდუქტი გაიყიდა, რაც 3 წელი ერთად აღებული არ გაყიდულა. კი, ძალიან ბევრი ხალხია და ჭირს დისტანციის დაცვა, მაგრამ ჩვენ გამყიდველები რა შუაში ვართ. გვიკეთია პირბადე და ხელთათმანი, ვასუფთავებთ ჩვენს კუთვნილ დახლებს. მომხმარებლები რომ მოდიან, თითქმის უმრავლესობას პირბადე არ უკეთია. თქვეს ბაზარს დავკეტავთო. დაკეტვა კი არა, შემოსასვლელთან დააყენონ პოლიცია და ხალხი ჯგუ-ჯგუფად არ შემოუშვან. თვითონ თუ არ დაგვეხმარნენ, ჩვენ ვერ დავიცავთ ვერც დისტანციას და ვერც სხვა წესებს”, – ნინო შანავა.

ზუგდიდის აგრარული ბაზრის კიდევ ერთი გამყიდველი აცხადებს, რომ სავაჭრო ობიექტის დახურვა ასობით მოქალაქეს უმუშევრად დატოვეს.

“ხალხს ისედაც უჭირს და კიდევ დამატებული პრობლემები არავის არ უნდა. პურის ფული აქედან მიმაქვს სახლში. უმუშევრად დარჩენა ჩემთვის ნიშნავს შიმშილს. თუ ბაზარი დაკეტეს, ასობით ადამიანი ჩემსავით მშიერი დარჩება. მერია ჩვენ რატომ გვერჩის?! მოუაროს იმ მოქალაქეებს, ვინც ბაზარში შემოდის და წესებს არ იცავს. ჩვენ რაც შეგვიძლია ვიცავთ. თვითონ მაღაზიები აიშენეს, ახლა უნდათ ფულის კეთება და ბაზარი თუ დაკეტეს, გონიათ ხალხი იქ მივა. კი ბატონო, მივიდნენ, მაგრამ ამდენი უკმაყოფილო მშიერი ხალხის ცოდვას სად წაიღებენ” – მარინა ესებუა.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის განცხადებით, აგრარულ ბაზრებს სიტუაციის გამოსასწორებელი ვადა დღეს ეწურებათ.