სამეგრელოში ჩირის მწარმოებელი საწარმო აშენდება.
როგორც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, პროექტი, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა, ითვალიწინებს 622 ათასი ლარის ინვესტირებას და გულისხმობს მაღალტექნოლოგიური საწარმოს შექმნას, რომელიც ხილიდან სითხის სწრაფი მოშორების მეთოდით დაამზადებს ჩირებს.
“ეს გახლავთ ახალი მეთოდი. საუბარია 150 ტონა ხილის გადამუშავებაზე. საწარმოში 20 ადამიანი დასაქმდება“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში” მთავრობის ინიციატივით ხორციელდება, რომლის მიზანია ქვეყანაში მეწარმეობის განვითარება და მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.
პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მასში ჩართულია „მეწარმეობის განვითარების სააგენტო“, „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ და „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“.
პროექტი უზრუნველყოფს შემდეგი სახის მხარდაჭერას: ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობას და ტექნიკურ დახმარებას.