კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია, უილიამი და ქეითი პრინც ჰარისთან ერთად Spice Girls-ის ექს-მონაწილეს, ემა ბანტონს შეხვდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ კენსინგტონის სასახლის „ტვიტერზე“ გამოქვეყნდა.
ბრიტანული სამეფო ოჯახის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს რადიოშოუში, რომლის ერთ-ერთი წამყვანი ბანტონი იყო. გადაცემა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებს შეეხებოდა. შეხვედრას ასევე ლონდონის გლობალური აკადემიის რამდენიმე სტუდენტიც დაესწრო.
სპეციალურად ამ დღისთვის, მიდლტონმა „არმანის“ წითელი კაბა შეარჩია. რაც შეეხება უილიამს, მან ამ დღეებში 90-იანი წლების ცნობილი პოპ-ჯგუფის მეორე წარმომადგენელს, ვიქტორია ბექჰემს ბრიტანული იმპერიის ორდენი გადასცა.