სამართალი ურმით დადის და აუცილებლად მიადგება ყველას, ვინც მოზარდების მკვლელობის საქმეს ფარცხავს დღემდე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განცხადებით, დავით სარალიძის მკვლელობის საქმის ჩაფარცხვა გრძელდება და გუშინდელი სასამართლოც ამას მოწმობს.
“სასამართლომ მირზა სუბელიანს გამოუტანა შეთანხმებული განაჩენი. გახსოვთ ალბათ ჩანაწერი, რომელზეც ამ გარიგებაზე იყო საუბარი, სწორედ ამ ჩანაწერის დამადასტურებელი ერთწლიანი სასჯელი მიუსაჯა მოსამართლემ მირზა სუბელიანს. ეს არის პრაქტიკულად ყველა იმ ეჭვის დადასტურება, რომელზეც მანამდე იყო საუბარი, ეს არის საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული დასკვნის დადასტურება. დღემდე არათუ რეაგირება არ არის მომხდარი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე, არათუ რეკომენდაციები არ არის შესრულებული, არამედ ჩაფარცხვა გრძელდება და ის ადამიანები, ვინც კვალი წაშალა, კვლავ გარიგებაში რჩებიან ხელისუფლებასთან, არ ისჯებიან,“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სუბელიანს 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა შეუფარდა, საიდანაც მას 9 თვე მოხდილი აქვს.