LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამართალდამრღვევმა ბეტონით დაფარვის სამუშაოები უქმეებზე განახორციელა“ – რა განცხადებას ავრცელებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობა ხეების თვითნებურად ჩაბეტონებულ ფაქტზე

176
ფორტუნა - 2023-05-16T162504.351

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, 15 მაისს, სურამში, ბაიანთხევის დასახლებაში, კერძო პირის მიერ სახლამდე მისასვლელი გზის, მათ შორის ხეების თვითნებურად ჩაბეტონების ფაქტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამრღვევმა პირმა „აღნიშნული ტერიტორიის ბეტონით დაფარვის სამუშაოები უქმეებზე განახორციელა.“

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის, ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბეტონის ფენის მოხსნა, რის შემდეგაც, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები შესაბამის ღონისძიებებს გაატარებენ. კერძოდ, მოხდება გარემოზე მიყენებული ზიანის შესწავლა – მიწის დეგრადაციისა და ნაყოფიერი ფენის შესწავლა და შესაბამისად დაანგარიშდება ზარალი.

„კერძო პირმა სახლამდე მისასვლელ გზაზე, თვითნებურად დააგო“ – სურამში ხეების გარშემო დაგებულ ბეტონს ამტვრევენ

„11 მაისს, სურამში, ბაიანთხევის დასახლებაში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა გამოავლინეს სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების რამდენიმე ფაქტი, რომლებზეც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.

უნდა აღინიშნოს, რომ 11 მაისის მდგომარეობით, თვითნებურად დაკავებულ ტერიტორიებზე, არ ფიქსირდებოდა სამუშაოების, კერძოდ ბეტონის დასხმის არანაირი კვალი. სამართალდამრღვევმა, აღნიშნული ტერიტორიის ბეტონით დაფარვის სამუშაოები 12-14 მაისს (უქმეებზე) განახორციელა.

15 მაისს, აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემდგომ, ვითარების შესწავლის მიზნით, ადგილზე გავიდნენ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები. ფაქტის შესწავლით დადგინდა, რომ დაბეტონებული ტერიტორიის ნაწილი – 267 კვ.მ. წარმოადგენს სახელმწიფო ტყის, ხოლო – 117 კვ.მ. მუნიციპალურ ტერიტორიას.

მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნება შესაბამის უწყებებს“, – ნათქვამია გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.