სამართალდამცავებმა თბილისსა და კახეთში კრიმინალური სამყაროს 3 წევრი დააკავეს, რომლებსაც აქტიური კავშირი ჰქონდათ ევროპაში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან, მათგან დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„თბილისში, მახათას აღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა 1989 წელს დაბადებული დიმიტრი ჭრელაშვილი. სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში – 1973 წელს დაბადებული გივი ბეგიაშვილი, თბილისში, მუხიანი მე-3 მიკრორაიონში კი – 1993 წელს დაბადებული კახა ბეჟიტაშვილი.
„ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. „ქურდულ სამყაროს“. ისინი მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ ევროპაში მყოფ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ – მალხაზ ზედელაშვილთან, კახა შავლიაშვილთან, აბესალომ პაპიაშვილთან და გიორგი ხატიაშვილთან,“ – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ჯგუფის სამივე წევრმა ერთ-ერთ მოქალაქეს ქურდული გარჩევა მოუწყო, ოჯახის წევრებისა და ქონების განადგურების მუქარით 60 000 ლარის გადახდა მოსთხოვეს.