სამართალდამცველებმა თბილისსა და აჭარის რეგიონში, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით 10 პირი დააკავეს, „კანონიერ ქურდ“ მინდია ლავასოღლის კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ განაცხადა, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, ქურდული სამყაროს წევრობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულები არიან – ივანე გიგიაძე; იმედა აბაშიძე; ჯამბულ ნაკაშიძე; ბეჟან დეკანაძე; მარად წითელაძე, შოთა კეკელიძე და ზაალ ახვლედიანი.
“დაკავებულები დაშინებით, მუქარით, იძულებით, ე.წ. “ქურდული გარჩევით“, დანაშაულის ჩადენის წაქეზებით და საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქტიურად მონაწილეობდნენ ქურდული სამყაროს საქმიანობაში. 1973 წელს დაბადებულ რამაზ კომახიძეს, 1993 წელს დაბადებულ ბადრი ქობულაძეს და 1992 წელს დაბადებულ გიორგი შავლიძეს ბრალი ედებათ ქურდული სამყაროს წევრობაში, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვასა და ძალადობაში. გამოძიებით დადგინდა, რომ რამაზ კობახიძე, ბადრი ქობულაძე და გიორგი შავლიძე მიმდინარე წლის 29 იანვარს, ბათუმში მოქალაქე კ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, დიდ ოდენობით თანხის – 20 000 ლარის ე.წ. „ქურდული სამყაროს“ საწევროში გადახდას აიძულებდნენ.
“რაც შეეხება ე.წ. „კანონიერი ქურდს“ მინდია ლავასოღლის, ის საზღვარგარეთიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ქალაქ ბათუმში, იმედა აბაშიძის, შოთა კეკელიძის, ივანე გიგიაძის, მარად წითელაძის, ჯამბულ ნაკაშიძის და ბეჟან დეკანაძის საშუალებით ახორციელებდა ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობას. ე.წ. „კანონიერი ქურდი“ ლავასოღლი, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, საზღვარგარეთიდან, სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, მის მიერ მართული ქურდული სამყაროს წევრის ივანე გიგიაძის მეშვეობით, 2018 წლის 17 ივნისს, ქალაქ ბათუმში დაუკავშირდა მოქალაქე რ.ც.-ს და ამ უკანასკნელის მიერ ქურდულ სამყაროში თანხის ჩარიცხვის საკითხთან დაკავშირებით მოაწყო ე.წ. „ქურდული გარჩევა“. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის, გამოძალვისა და ძალადობის კვალიფიკაციით (სსკ-ის 2231, 2232, 181-ე, 126-ე მუხლებით) მიმდინარეობს,“ – განაცხადა კახაბერ საბანაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კანონიერი ქურდობის და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით საქართველოში 20-მდე პირია დაკავებული. ასევე, ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში დაკავებულია სხვადასხვა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი – საქართველოს 119 მოქალაქე და 9 „კანონიერი ქურდი.