აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, სალომე ლილუაშვილი წერს იმ მძიმე გართულებების შესახებ, რომელიც იანვარში გადატანილმა კორონავირუსმა დაუტოვა. ის აღნიშნავს, რომ ამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი საშუალება არსებობს და ეს ვაქცინაციაა.
გთავაზობთ მის პოსტს სრულად:
„ძალიან პირადულ ამბავს გაგიზიარებთ მხოლოდ იმიტომ, რომ ვაქცინაციის უგულებელყოფის მასშტაბური უმეცრების განეიტრალებაში ოდნავ მაინც შევიტანო წვლილი.
იანვარში კოვიდი გადავიტანე – გართულების გარეშე. მას შემდეგ ჩემი ჯანმრთელი ორგანიზმი, რომელსაც მთელი ცხოვრებაა, ვუსმენ და ვაკონტროლებ, უცხო სხეულად გადაიქცა თითქოს.
ვეღარ ვმართავ.
და დავდივარ ექიმებთან.
აირია სრულიად დალაგებული ჰორმონები. მაქვს ალერგია, რომელიც არასდროს გამოვლენილა აქამდე. თან, საკმაოდ მძიმე ფორმებში – დამისივდა სახე, გუშინ კი ყელიც. მეგონა, სპაზმი დამახრჩობდა.
ამერიკელმა ექიმმა, რომელთანაც დიდი რისერჩის და რიგში დიდხანს დგომის შემდეგ მოვხვდი, მითხრა – ბუნებრივია, უკავშირდება კოვიდს, მაგრამ რა აპროვოცირა ვირუსმა, ეგ სრული კვლევების შედეგად უნდა დადგინდესო.
სრული კვლევა კი ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა შემოწმდეს და გამოირიცხოს ყველა ის ვერაგი დაავადება, რომლისაც ასე გვეშინია ხოლმე.
სრულიად ჯანმრთელ, ათასგზის გამოკვლეულ და მოვლილ ორგანიზმზე ვლაპარაკობ.
და ველოდები ჩემს წილ ვაქცინას, რომელიც ამ ჯერ კიდევ შეუსწავლელი ბოროტების დამარცხების ერთადერთი, უალტერნატივო მეთოდია.
მეგობრებო, ადამიანებო, გთხოვთ, დადგეთ საკუთარ ვარაუდებზე მაღლა და როგორმე ენდოთ თანამედროვე მედიცინას. სიკვდილის რისკი და პერსპექტივა ყოველ ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯში იმაზე ათასჯერ ინტენსიურია, ვიდრე ვაქცინის გაკეთებისას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!..“