LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე კორკოტაშვილი: „ქართველ წარმატებულ ადამიანებს მივმართე დახმარებისთვის და უარით გამომისტუმრეს…“

288

სალომე კორკოტაშვილი ჯერჯერობით საქართველოშია. მუსიკოსი ლონდონში ცხოვრობს უცხოელ მეუღლესთან ერთად, თუმცა ვიზის პრობლემა შეექმნა და სანამ ამ საკითხს მოაგვარებს, თბილისშია. ის „ფორტუნასთვის“ განახლებულ სასტუმრო „ამბასადორში“ გადავიღეთ.

სალომე კორკოტაშვილი:

თბილისში ვარ, რადგან ვიზის პრობლემა შემექმნა. ამჟამად ბექა ჯაფარიძესთან ერთად ალბომზე ვმუშაობ. დავუწერე სიმღერა სოფო გელოვანს, კიდევ რამდენიმე მუსიკოსს დავპირდი დახმარებას, მინდა, ერთობლივად კარგი რაღაცები გავაკეთოთ. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თავად მე მივმართე დახმარებისთვის რამდენიმე წარმატებულ ქართველ მუსიკოსს, რომლებიც საზღვარგარეთ მოღვაწეობენ, თუმცა მათ უარით გამომისტუმრეს. მათ ვინაობას არ დავასახელებ. დახმარება მინდოდა მხოლოდ კონტაქტების მოპოვების თვალსაზრისით, მინდოდა, ერჩიათ, ვისთვის მიმემართა საზღვარგარეთ, როგორ მოვქცეულიყავი, რა უნდა ყოფილიყო ჩემი პირველი ნაბიჯი. ამას გულდაწყვეტით არ ვამბობ, უბრალოდ, ქართველ მუსიკოსებს ძალიან უჭირთ, საზღვარგარეთ გასვლის, ასევე ფინანსური პრობლემები გვაქვს. არ უნდათ თავიანთი თანამემამულეების დახმარება… ეს არის სამწუხარო. იმედი მაქვს, მე თუ მივაღწევ რაღაცას და მექნება საშუალება, რომ ქართველ ხელოვან ადამიანებს დავეხმარო, ამას აუცილებლად გავაკეთებ. ბევრი ნიჭიერი ადამიანია. რატომ არ შეიძლება, რომ იმ წარმატებულმა ქართველებმა „ფეისბუქის“ გვერდზე მაინც გააზიარონ ქართველი კოლეგების ნამუშევრები? ამით რა მოაკლდებათ?..

tetashiლონდონში რომ ჩახვალ, გაქვს რაიმე გეგმა?

იქ სხვადასხვა პროდიუსერთან ერთად ვმუშაობ. რატომ მომწონს ლონდონი? ყველა უიქენდზე შეგიძლია წახვიდე და სხვადასხვა ჟანრის მუსიკას მოუსმინო. ერთ დღეს მე და ჩემმა მეუღლემ გავიგეთ, რომ იმართებოდა შეჯიბრი კარაოკეში, სადაც გამარჯვებულს 500 ფუნტი ხვდებოდა საჩუქრად. ძალიან შემეშინდა, რადგან იქ ძალიან მაგრად მღერიან. არეტა ფრანკლინის „You Make Me Feel Like A Natural Woman“ შევასრულე და პირველი ადგილი ავიღე. ამის შემდეგ დამიკავშირდნენ ბრიტანული „იქს ფაქტორიდან“. სამწუხაროდ, ვერ გავედი, რადგან ვიზაზე სამჯერ უარი ჩამირტყეს. ამ კონკურსზე მაინც მელოდებიან, ჩემს მეუღლეს უკვე მეოთხედ დაურეკეს. იმედი მაქვს, რომ შემდეგ „იქს ფაქტორზე“ საქართველოს სახელით წარმატებას მივაღწევ. ბოლომდე უნდა იარო, მიზნად დაისახო რაღაც და ის შეასრულო.

კარაოკემ თუ შეგაშინა, „იქ ფაქტორზე“ არ გეშინია?

არა, აღარ მეშინია. ჩავარდნებისა და წარუმატებლობისგან არავინაა დაზღვეული. რამდენიმე კონკურსზე ჩემთვის უთქვამთ, ხმა არ გაქვსო, აქაურ კონკურსებს ვგულისხმობ. ცოტას იტირებ, განიცდი და შემდეგ დაგავიწყდება. ყველა კონკურსი გამოცდილებას გაძლევს. ყოფილა ისეთი კონკურსი, სადაც გამიცნობიერებია, რომ კარგად ვერ ვმოძრაობ. ფიზიკური მომზადება მომღერლისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ ახლა ვარჯიში დავიწყე.

ვფიქრობ, მომღერალმა ზოგადად აქტიურად უნდა იცხოვროს. არ უნდა გაჩერდე, ჩაწერო სიმღერები, მოიფიქრო რაღაც განსხვავებული…

tetashi5კოლეგებისგან შური გიგრძნია?

არასოდეს. ყველა ამბობს, რომ კორკოტას არავინ ერჩის. ალბათ, იმიტომ, რომ მე ვარ ასეთი. არ მიყვარს სნობები. ეს მაცვია, იმან შემიკერა… ძალიან მომწონს ქართველი დიზაინერები და დიდი სიამოვნებით ჩავიცვამ, მაგრამ სათვალეში რომ 2000 ლარი გადავიხადო და ამ დროს ვერ ვასიამოვნო ჩემი მეზობლების შვილებს, რომლებსაც ახალი ფილმის ნახვა უნდათ, ასე არ მოვიქცევი… ჰონორარს რომ ვიღებ, პატარა ბავშვები მიმყავს კინოში, მთელი უბანი მივდივართ.

შენს მეუღლეს მოსწონს შენი ხელგაშლილობა?

ისიც ზუსტად ჩემნაირია. ისეთ რაღაცებს აკეთებს, ხალხს არ სჯერა. ერთხელ მათხოვარი ქალი ვნახეთ, ჩემმა ქმარმა გამაგზავნა რესტორანში, რომ მისთვის საჭმელი გვეყიდა, მივუტანე ხინკალი და ქაბაბი და ეს ქალი მეუბნება, „მაკდონალდსში“ ერთი ჰამბურგერი გეყიდაო. მივხვდი, რომ არ შიოდა (იღიმის).

შენს მეუღლეს ქართული ტრადიციები მოსწონს?

ზოგადად, საქართველო მოსწონს. მისი მეგობრები ჩამოდიან, ვაპირებთ ჯერ ყაზბეგში ჩასვლა, მერე სვანეთში. მიყვარს ჩემი ქვეყანა. ზოგჯერ ვბრაზდები, მაგრამ რომ ვუფიქრდები, ვხვდები, რატომ არის ხალხი ასეთი. არც სამსახური აქვთ, არც არაფერი. მამაჩემის დროს სხვანაირი თბილისი იყო. ამის შესახებ მიყვებიან. ქართველები კარგი ტიპები არიან, მაგრამ ახლა ცუდი დროა. სულ დაძაბულობაა, გაჭირვება, ერთმანეთის შურთ, რაც ცუდია.

tetqshiრაც შეეხება ტრადიციებს, სანამ ცოლად მომიყვანდა, ჩემმა მეუღლემ გაიცნო ჩემი ოჯახი. გაითვალისწინა, რომ მამაჩემს გაუხარდებოდა, მისთვის ჩემი ხელი რომ ეთხოვა და ასეც მოიქცა.

როგორ ეგუები სხვა ქვეყანას?

ჩემი მიზანი ერთია, ძალიან რთულ რაღაცას ვეჭიდები, მაგრამ ძალიან მინდა, რომ ნიჭიერი ქართველებისთვის მუსიკალური კოლეჯი გავსხნა. ამ მიზნის მისაღწევად ბევრ რამეს გავაკეთებ. უცხო ქვეყანაში ცხოვრებისას რომ მშიოდეს და ერთი მაისურითა და შარვლით დავდიოდე, მაინც მივაღწევ ჩემსას. მინდა, ქართველებს ვანახო, რომ ერთმანეთის დახმარება შეგვიძლია, მაგრამ ამისთვის ჯერ მე უნდა მივაღწიო წარმატებას.

წლების მერე მინდა ვიყო მსოფლიო ვარსკვლავი. ეს კოლეჯი, რომელზეც ვოცნებობ, არსებობდეს და ორი „გრემი“ მაინც მქონდეს სახლში…

untitled-3

გადაღების ადგილი: სასტუმრო „ამბასადორი“

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები