სალომე გოგიაშვილი თავის დიდ ოჯახთან, ოთხ შვილსა და მეუღლესთან ერთად ახალ სახლში გადავიდა, რომელიც საკუთარი გემოვნებით და დიდი ენთუზიაზმით მოაწყო. სალომეს ცხოვრებაში ამ სიახლის, ინტერნეტბულინგისა და ოჯახის შესახებ დავუსვით კითხვები.
რატომ გადაწყვიტე ძველი სახლის დატოვება?
სალომე გოგიაშვილი:
ის ძველი სახლიც არის, მაგრამ მიწა, რომელზეც ახალი სახლი ავაშენეთ, დიდი ხნის წინ ვიყიდეთ. გვინდოდა, დიდი სახლი აგვეშენებინა. ნელ-ნელა, წლების განმავლობაში ვაშენეთ და დაადგა საშველი.
როგორც მივხვდი, თავად მოაწყვე…
ყველაფერი თავად გავაკეთეთ. სახლის დიზაინი არასდროს გამიკეთებია და ეს იყო ჩემი პირველი გრანდიოზული წამოწყება ამ კუთხით. სადაც შენ ცხოვრობ, იქ, გარდა შენი აურისა, ყველაფერი შენი უნდა იყოს. მყავდა, რა თქმა უნდა, დიზაინერიც, რომელიც ძალიან დამეხმარა, მაგრამ უმეტესწილად ჩემი გაკეთებულია.
არ ჰგავხარ იმ შეწუხებულ ადამიანს, რომელმაც ახლახან დაასრულა სახლის რემონტი…
პროცესისგან კი არ წუხდები, ყველა ხელოსანს აქვს პრობლემები, ყველას აქვს სამსახური და არავის სცალია (იცინის). ზოგადად, საქართველოში ეს პრობლემა დგას, არ არის ნორმალური ჯგუფი, რომელიც სახლს ჩაიბარებს და მერე ჩაგაბარებს. სულ მაქვს ეს კითხვა, სანამ არ გაბრაზდები, რატომ არ ასრულებენ იმას, რაც ევალებათ. ყველა დამეთანხმება ამაში. გამორიცხულია, ერთი-ორს თუ იპოვი კეთილსინდისიერს, რომელიც გეტყვის ვადას და მერე იმ ვადაში ჩაგაბარებს. ძალიან მაგრად ვიწვალე, მაგრამ ღირდა.
წარმომიდგენია, შენს სახლში როგორი მისვლა-მოსვლაა. ვინ იყვნენ პირველი შემფასებლები?
ჩემი პირველი შემფასებელი არის ჩემი მეგობარი, მანო, რომლის აზრიც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერზე ვეკითხებოდი, ხომ კარგია-მეთქი. პირველი შემფასებლები არიან ჩემი მეგობრები ზოგადად, რომლებიც ჩემთან ცხოვრობენ, ასეც შეიძლება ითქვას.
რას ნიშნავს, შენთან ცხოვრობენ?
მთელი დღის განმავლობაში არიან ჩემთან. სახლში როცა არ ვარ, მაინც არიან… (იცინის). ყველა ამბობს, შენთან რომ მოვდივართ, აღარ გვინდა წასვლაო, ამიტომ 24-საათიან რეჟიმში ჩვენთან სახლში არიან ჩემი თუ ჩემი ქმრის მეგობრები. მადლობა ღმერთს, რომ ეს სულ ასე ხდება. როგორც კი ეს დამთავრდება, ვიფიქრებ, რომ ან აღარ ვუყვარვარ არავის, ან ხასიათი დამიმძიმდა.
მეუღლეც შენნაირია?
არ იყო, მაგრამ გახდა, მოუწია (იღიმის).
შენ და ვახო ნიკოლაიშვილს დიდი ხნის ოჯახი გაქვთ. რა შეიცვალა თქვენს ოჯახურ ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც წლები გავიდა? რა არის ოჯახის სიმყარის საიდუმლო თქვენს შემთხვევაში?
12 წელი გავიდა უკვე. ოჯახი პრობლემების გარეშე არ არსებობს, ეს გამორიცხულია და არ მჯერა. რაღაცნაირად რომ ხატავენ სოციალური ქსელის მეშვეობით, იდეალურ ოჯახებს, მგონია, ვინც ძალიან აფიშირებს ამას, სწორედ იქ არის პრობლემა. როცა ძალიან ბედნიერიხარ, ამას ზედმეტი ლაპარაკი არ სჭირდება. ამას წლების შემდეგ მივხვდი. ადრე ყველაფერს ვყვებოდი. რეალურად, სულ რამდენიმე ადამიანია, ვისაც ნამდვილად უხარია – დანარჩენ ადამიანებს ან შურთ, ან არიან გაბოროტებულები და არ უხარიათ. მე ძალიან მჯერა ცუდი თვალის და ბავშვების ფოტოებსაც არ ვდებ. რამდენჯერაც გამოვაჩინე, იმდენჯერ სიცხე ჰქონდათ… ვთქვი, რომ მათ ფოტოებს აღარ დავდებდი. ალბათ, უფრო „იღებენ“ თვალს. იგივეა ოჯახსა და ზოგადად, სიხარულზე, რაც ცხოვრებაში გვაქვს ხოლმე. მირჩევნია, ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის გავაზიარო, ვიდრე დანარჩენი საზოგადოებისთვის.
არის სიურპრიზები შენი და ვახოს ურთიერთობაში?
ეს სულ არის, რადგან უკვე გაგვიჯდა… მაგრამ სიმართლე ვთქვა, ახლა ძალიან ვართ ბავშვებზე ორიენტირებული. თუკი რამე გვაქვს, გვინდა, ბავშვებისკენ იყოს მიმართული. როცა შვილები არ გყავს ან ახალი დაოჯახებული ხარ, სხვა სიტუაციაა. ახლა ბავშვების სწავლა-განათლებაზე და მათ გახარებაზე ვართ ორიენტირებული.
ბოლო სიურპრიზი ვახოსგან რა გახსოვს?
საზღვარგარეთ ვიყავი წასული საქმეზე. რომ ჩამოვედი, ტრაპთან დამახვედრა გოგონა, რომელიც იდგა ტრაფარეტით, ზედ ჩემი სახელი და გვარი ეწერა. მანქანაში ჩამსვეს და ვიპ გასასვლელიდან გამიყვანეს. ეს იყო ხუმრობანარევი სიურპრიზი. სულ მაშაყირებს ხოლმე, ჩემი სელებრითი ცოლიო. რომ ჩამოხვედი, სელებრითივით დაგხვდიო, მითხრა. ხუმრობაც იყო, მაგრამ ძალიან სასიამოვნო ჩემთვის.
შენი „სელებრითობა“ მეუღლისთვის ზოგჯერ მომაბეზრებელი ხომ არ არის?
როცა ამბობენ, ძალიან მაღიზიანებს და ვწუხდები პოპულარობითო, მე ასე არ ვარ. თუკი ვინმე მცნობს, დადებითად მოდიან – აგრესიულად, პირისპირ არავინ არაფერს ცუდს არ გეუბნება. პოზიტივი, კომპლიმენტები – ეს რომ არ გიხაროდეს შენს მეორე ნახევართან დაკავშირებით, ალბათ, ასეთ ადამიანს ვერც მე გავუგებდი…
ეჭვიანობაც არ არის?
საეჭვიანო მიზეზიც არ არსებობს. არ მიღირს არავინ და არაფერი, რომ საეჭვიანო გახდეს. მამაკაცები ყურადღებას რომ მაქცევენ, ვახოსთვის და ჩემთვის ეს ერთად გაღიმების მიზეზია. ეჭვიანობამდე არ მიდის. იგივეა მასთან მიმართებაშიც.
შენი ინტერვიუებიდან ფრაზები ზოგჯერ ხუმრობის მიზეზი ხდება. ისწავლე ინტერნეტში გავრცელებულ კომენტარებთან გამკლავება?
არსებობენ ადამიანები, რომლებიც იკვებებიან ნეგატივის გამოსხივებით. მათ ავადმყოფებად მივიჩნევ. ხომ არ შედიხარ პოლემიკაში ავადმყოფ ადამიანთან? მეც არ ვკითხულობ კომენტარებს. ვიღაც შეუხედავი და წარუმატებელი ადამიანი რას წერს, აბსოლუტურად არ მაინტერესებს. მყავს აუდიტორია, ვისთვისაც ჩემი ყურება და მოსმენა საინტერესოა – შეუმდგარი ადამიანი რა ხარისხით აფრქვევს ბოღმას, სრულიად უინტერესია.
როცა „სიცრუის დეტექტორში“ მოვყევი ამბავი თვითმფრინავის შესახებ, ქუჩაში უცნობები მეკითხებოდნენ ხოლმე, ინტუიცია რას გკარნახობს, ხომ არ გვიმკითხავებო. ეს იყო იუმორი და სადაც იუმორია, იქ მეც ვარ. პირიქით, ამაზე თავადაც ძალიან ვხალისობდი.
ინტერვიუ: ნინო მურღულია
ფოტო: დათუნა აგასი
ლოკაცია: რუსთავი 2