ავტობლოგის დღევანდელი სტუმარი პოპულარული ქართველი მომღერალი სალომე ბაკურაძე გახლავთ, რომელმაც სულ ახლახან ახალი ავტომობილი შეიძინა. საუბრისას გაირკვა, რომ დიდი ხანია რაც ავტომობილს მართავს და როგორც ეუბნებიან, საკმაოდ კარგადაც. შესაბამისად, დავინტერესდით მისი გამოცდილებით. მომღერალმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა როგორც საავტომობილო პრობლემებზე, აგრეთვე სხვა, საკმაოდ საინტერესო დეტალებზეც.
პირველ რიგში გილოცავ ახალ შენაძენს, როგორ მოგწონს ?
ძალიან მომწონს ჩემი „მალაზი“ მანქანა. ძალიან კომფორტული, რბილი და მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ ჯიპი პირველად მყავს, ძალიან ადვილად გავუგეთ ერთმანეთს და შესაბამისად ადაპტაციაც არ გამჭირვებია.
როგორც ჩანს, ძალიან გიყვარს ავტომობილები. მათ მოვლაზე რას იტყვი ან თუ ერკვევი დეტალებში?
ავტომობილის მოვლა ძალიან მიყვარს, შესაბამისად ჩემს ავტომობილსაც ძალიან ვუვლი. ვერ ვიტან მოუვლელი და მიტოვებული რომ ყავთ ავტომობილები. თუ მსგავს ტრანსპორტში მოვხვდი, თავი ავტომობილების სასაფლაოზე მგონია ხოლმე (იცინის). ვერ დავიკვეხნი იმას, რომ ხელოსანი ვარ, თუმცა რაღაც დეტალებში ვერკვევი, ასეთი რამეების მოგვარებაში ჩემი მეუღლე მეხმარება, მაგრამ ნელ-ნელა მეც ვითვისებ რა როგორ და შესაბამისად ცოტა ხანში შეიძლება მეუღლის შეწუხება აღარც დამჭირდეს.
როგორც ვიცი ეს შენი მესამე ავტომობილია?
დიახ, მესამეა. ჩემი პირველი ავტომობილი “ა კლასის მერსედესი“ იყო. მეორე „ჰიუნდაი ელანტრა“ ახლა კი „ტოიოტა რავ ოთხს“ ვმართავ. გამორჩევით ალბათ პირველ ავტომობილს გამოვარჩევდი მხოლოდ იმიტომ, რომ პირველი იყო. (იცინის)
მომაწოდეს ინფორმაცია, რომ საკმაოდ კარგად მართავ, შესაბამისად მაინტერესებს რა გიქმნის დისკომფორტს ავტომობილის მართვის დროს?
მოძრაობისას, პრინციპში ერთ კონკრეტულ ხელის შემშლელ პირობას ვერ გამოვყოფ იმიტომ, რომ ასეთი ბევრია როგორც სხვა მძღოლების მხრიდან, აგრეთვე ქვეითად მოსიარულეთა მხრიდანაც. ფეხით მოსიარულეებს მეტი ყურადღება მართებთ, რათა იქ გადავიდნენ სადაც მათთვის ნებადართულია და ნაკლები პრობლემა შეუქმნან მძღოლებს. მეც ხშირად დავდივარ ფეხით და ყოველთვის ვცდილობ ასე მოვიქცე. რაღათქმაუნდა უფრო მეტი ყურადღების გამოჩენა ავტომობილის მძღოლებს მართებთ. აუცილებელია ერთმანეთს ვამცნოთ რომელ მხარეს ვუხვევთ, ან ვაპარკინგებთ.
პრობლემები საკმაოდ მძრაფრად ეხებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც ყველაზე მეტად მოეთხოვებათ ყურადღებაც, კონცენტრაციაც და უსაფრთხოდ მგზავრდა გადაყვანაც.
რადგან ამ თემას შევეხეთ, როგორ გგონია რა უშველის თბილისს მოძრაობის განსატვირთად?
თბილისში მოძრაობის განტვირთვას მხოლოდ ერთი ფაქტორის მოგვარება არ უშველის, თუმცა გზების გაფართოება და ახალი გზების, ესტაკადების დამატებით მოძრაობა უფრო განიტვირთება.
მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე რას იტყვი?
წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ მე არ ვიყოლიებდი. მიუხედავად იმისა, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილიც მიტარებია, ჩვენი მოძრაობის პირობებში ცოტა არაკომფორტულია, ვისაც ეკომფორტულება, კი ბატონო, ყავდეს. თუმცა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების გამო, საცობი ნამდვილად არ იქმნება. უბრალოდ არც ლამაზია და არც კომფორტული. ეს არის და ეს.