ლუკა სირაძის საქმესთან დაკავშირებით განაჩენი გამოტანილია. სასამართლომ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საზოგადოების ნაწილისთვის ეს განაჩენი მიუღებელი აღმოჩნდა.ცნობილი ტელეჟურნალისტი სალომე ასათიანი ერთ-ერთია, ვინც ზემოხსენებულ საქმესთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება სოცქსელში გამოთქვა.
სალომე ასათიანი:
„გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რამდენი წელი მიუსაჯეს სასჯელად ლუკა სირაძის “დამკითხავ” გამომძიებელს. მნიშვნელობა როგორ არ აქვს, მაგრამ პრინციპული არა, იმ საზარელ რეალობასთან მიმართებით, რომელიც ამ ტრაგედიამ სახეში აგვაფარა ყველას. ყოველ ჯერზე, როცა ხელისუფლება ისევ “სისხლიან ცხრა წელზე” ილაპარაკებს და ამით შეეცდება ქულების მოპოვებას, გაგვახსენდეს, რომ არათუ სისტემაში ჰყავდათ შენარჩუნებული გამომძიებელი, რომლის მიერ ნაცმოძის მმართველობის პერიოდში ადამიანის წამებაში მონაწილეობა სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, არამედ აი, ასეთ გამომძიებელს სრულიად უდანაშაულო, დარდიანი და შფოთიანი ბიჭი, ლუკა სირაძე ჩაუგდო ხელში. და ისიც გაგვახსენდეს, რომ სანამ თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ რამდენიმე დღე ლუკა სიკვდილს ებრძოდა, შსს ბრიფინგს ბრიფინგზე ატარებდა, დაკითხვაზე ყველაფერი წესრიგში იყო და ახალგაზრდას თმის ღერი არ ჩამოვარდნიაო – მაგრამ როგორც კი მისი სიკვდილის ამბავი გავრცელდა, ჩოლოიანი 5 წუთში დააკავეს. ახალი გარემოებები გამოიკვეთა ეტყობა სწორედ იმ ხუთ წუთში, აი, ეს უნდა დავიჯეროთ ყველამ.
კერძო სკოლაც გაგვახსენდეს, რომელმაც “კერძო საკუთრების ხელყოფისთვის”, ანუ კედელზე წარწერების გაკეთებისთვის (!) ბიჭი ამ სისტემას გადასცა. და ისიც, რომ აი. ეს უკიდეგანო და მართლაც სისტემური სისასტიკე და დაცინვა ყველამ ერთად, უპროტესტოდ გადავყლაპეთ, რადგან აღარც კი გვეუცხოა, ისე მიგვაჩვიეს ამ არაადამიანობას.
ვერასოდეს გავიგებთ. რა გადაიტანა საწყალმა ბიჭმა, რომელმაც იმ კედლის წარწერაში გინებაც კი ვერ დაასრულა, “ამ ცხოვრების დედაცო”, ასე დაწერა, მართლა ბავშვურად და უმანკოდ. და ვერც იმას გავიგებთ, კიდევ რამდენი ასეთი ახალგაზრდა შეეწირება სისტემის ულმობლობას და ასეთ “გამომძიებლებს”. საზარელი ისტორია იყო ეს. და მთლიანობაში, მთელი მასშტაბით მაინც უნდა გვახსოვდეს, სხვა თუ ვერაფერი შევძელით“.