ჟურნალისტი სალომე ასათიანი სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, როგორი არასწორია, მისი მოსაზრებით, საპატრიარქოს დამოკიდებულება ქვეყანაში მნიშვნელოვან პრობლემებზე:
„ქალები, განურჩევლად სოციალური კლასისა, მუდმივად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი ყოფილი ან მოქმედი ქმრების მხრიდან. საპატრიარქოს პოზიცია: „ქმრების მორჩილები იყავით და მათ ფეხი დაბანეთ“.
ასევე ქალები ოჯახის გადარჩენისთვის აუცილებელი სარჩოს საძებნელად უცხოეთში მიდიან მძიმე სამუშაოზე. საპატრიარქოს პოზიცია: ეს „მანკიერი წესია, დედები ტოვებენ თავის ოჯახებს, მიდიან უცხოეთში და ქმარ-შვილი უპატრონოდ რჩებათ“.
ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. საპატრიარქოს პოზიცია: „საქართველოში ყველა ბუნებრივი პირობაა იმისათვის, რომ შიმშილით არც ბავშვი გარდაიცვალოს და არც მოხუცებული, არც სანაგვეში ეძებოს ვინმემ ლუკმა პური.”
წამების თავზარდამცემი კადრების გავრცელება 2012 წელს. პატრიარქის სიტყვები: „ასეთი რამ ხდება სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ ხელისუფლებას და ხალხს ეს სამარცხვინო მოქმედება არ გამოაქვს საქვეყნოდ“.
მაღაროებში და მშენებლობებზე გამოცხადებული სასაკლაო გვაქვს. საპატრიარქოს პოზიცია: დუმილი (თუ ვცდები, დამილინკეთ).
სრული მოწყვეტილობა რეალობისგან. სრული გამიჯვნა და გაუცხოება სუსტის, ჩაგრულის, ნაწამების, ღატაკისგან. სიძულვილის და გაუცხოების გაღვივება განსხვავებული ადამიანების მიმართ. პოლიტიკური და ფინანსური ძალაუფლების ღერძებში შეზრდილობა და გაუთავებელი მანკიერი თამაშობები „ძლიერებთან“.
მთავარი პრობლემა ეს არის, და არა სექსუალური სკანდალები საპატრიარქოს წიაღში. სექსი, აღვირახსნილობა და მღვდლები – მოგეხსენებათ – კლასიკური ჟანრია და ამაში არაფერი განსაკუთრებული, ახალი ან უცნაური არ არის. ირონიული კი ბატონო, მაგრამ შოკისმომგვრელი არა. (ვამატებ: თუ საქმე პედოფილიას არ ეხება, რაც, ცხადია, დანაშაულია). აი, მათ სოციალურ, საზოგადოებრივ როლს – უკიდურესად რეაქციონერულს, რეგრესულს და გულგრილს – რა ეშველება, ეს ვიკითხოთ, პირველ რიგში“.