LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ასათიანი: „ნუთუ ისე გამოიფიტა ყველა კრიტიკული ხმა, რომ ვეღარაფერს უპირისპირებს ხელისუფლების აღვირახსნილ პროპაგანდას, რომ საქართველოს ომში „ითრევენ…“

149
salome asaTiani

ჟურნალისტი სალომე ასათიანი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და ხელისუფლებისა და საზოგადოების ნაწილის პოზიციას აფასებს ევროკავშირთან მიმართებით:

„ნუთუ, ისე გაღატაკდა, გამოიფიტა და/ან ისეთი დისკრედიტაცია განიცადა საზოგადოებაში არსებულმა ლამის ყველა კრიტიკულმა ხმამ, რომ ვეღარაფერს უპირისპირებს ხელისუფლების ამ აღვირახსნილ, მდარე და თან საბედისწერო ტყუილებზე დაფუძნებულ პროპაგანდას – რომ საქართველოს ომში „ითრევენ“, რომ ევროკავშირს რაღაც იდუმალი და ბნელი ინტერესები ამოძრავებს ჩვენთან მიმართებით, რომ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების იდეა მთელი ქვეყნის და ხალხის დასჯას ნიშნავს – ასე შემდეგ, და ასე შემდეგ? ნუთუ, ასე ძნელია საპირისპირო და სწორი არგუმენტების მკაფიოდ ჩამოყალიბება – რომ არა, ომში არავინ გვითრევს, რომ ამ სახიფათო და არეულ მომენტში ქვეყანა კარგავს ევროკავშირთან დაახლოების ისტორიულ შესაძლებლობას, რომ ივანიშვილს შეთქმულებას არავინ უწყობს, უბრალოდ, მისი ჩრდილოვანი მმართველობის და შეუზღუდავი, ყველანაირ ანგარიშვალდებულებას მოკლებული პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების პირობებში ქვეყანაში სერიოზული ლაპარაკიც არ შეიძლება იყოს დემოკრატიაზე, ხელისუფლების „შტოებზე“ და ძალაუფლების დაბალანსებაზე, სასამართლოს და პარლამენტის დამოუკიდებლობაზე – და რომ პრობლემას სწორედ ეს ქმნის, ძალაუფლების ღერძების და გადაწყვეტილებების მიმღებების სრული ბუნდოვანება და მთავრობის წევრთა უპირობო, გროტესკული და ენთუზიასტური მორჩილება არა ქვეყნის და ხალხის, არამედ ერთი კაცის ინტერესების მიმართ? თითქოს მართლა ისტორიულ, საბედისწერო ფაზაში ვართ – არადა, ასეთი უიმედობა, დაბნეულობა და აპათია პირადად მე არასდროს მიგრძნია, შავბნელ და სასტიკ 1990-იანებშიც კი კიაფობდა იმედი, რომ სადღაც გავაღწევდით და უკეთესობა გველოდა.

ბევრი ტრავმა და შიში დაგვიტოვა ამ ყველაფერმა, პოსტსაბჭოთა წლებმა – გაჭირვებამ, ომმა, ავტორიტარიზმმა და ძალადობამ. ეს დაღლილობა და აპათიაც დიდწილად ამის ბრალია, და ამის გამოა ისიც, რომ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების და ფიგურების დიდი ნაწილი თავისივე წარსულით არის გაფუჭებული და დისკრედიტირებული. მაგრამ საზოგადოება ხომ მხოლოდ პოლიტიკური ძალები არ არის – თითქოს ყველა კრიტიკული ხმა ჩაკვდა, ან ყველაფერი უკვე ითქვა. ისიც არ ვიცი ეს სტატუსი რომელ პირში უნდა დავწერო, ამ ყველაფერში საკუთარ თავსაც ვგულისხმობ – როგორც მოქალაქეს და როგორც ჟურნალისტს.

არადა მათი ეს ავი და მავნე პროპაგანდა სულ უფრო ძლიერდება, რაც დამღუპველი იქნება. ორუელიანური კოშმარი, თავისი „ორაზრით“ და ლოზუნგებით „ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა“- ან თუნდაც დღევანდელი რუსეთის პროპაგანდისტული სივრცე – ერთ ღამეში არ იქმნება, ის სწორედ ასეთ აპათიას და შიშს ეფუძნება. და დიდი შანსია რაღაც ამგვარ პერვერსიულ და საბედისწერო პროცესს ვაკვირდებოდეთ ახლა, უკვე ჩვენ საკუთარ სივრცეში“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები