გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან და ლ.შ.-სთან ერთად შიმშილობა კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა ა.ქ-მ დაიწყო. გიორგი გელხაურის განმარტებით, სასამართლოს არ აინტერესებს არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მათ სასამართლო პროცესებს ყოველდღიურ რეჟიმში უნიშნავს. ამის შესახებ ადვოკატმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
,,ეს არის სისხლის სამართლის საქმე, სადაც გამოძიების პერიოდში არ იქნა გათვალისწინებული არასრულწლოვნის ინტერესები, დღეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქმის არსებითი განხილვა ყოველდღიურ რეჟიმში დანიშნოს. დღეს უკვე მესამე არასრულწლოვანი შეუერთდა შიმშილობას, ეს არის ა.ქ, მაგრამ სასამართლოს არ აინტერესებს არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მივმართავ სახალხო დამცველს და ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც არის ამ საქმეში ჩართული – მიაქციეთ ყურადღება ამ მართლმსაჯულებას და სასამართლოს, საერთოდ არ ხდება არასრულწლოვნების ინტერესების გათვალისწინება” – განაცხადა გიორგი გელხაურმა.
ვის სჯერა ამ სიბრიყვის?! დაცვის მხარეს ახალი მტკიცებულებების იმედი აქვს: პროკურორი ადვოკატებს სიცრუის დეტექტორის გამოიყენებას ურჩევს
ზ.ხ.-ს უფლებადამცველის განცხადებით, მას შემდეგ, რაც არასრულწლოვნებმა შიმშილობის გამოცხადეს, სასჯელაღსრულების სამსახურის წარმომადგენლებმა მათ საკნიდან ტელევიზორი წაართვეს და ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის დამყარების საშუალებას არ აძლევენ.
,,დღეს ზ.ხ.-მ განაცხადა, რომ როდესაც გამოაცხადა შიმშილობა მას კამერიდან წაართვეს ტელევიზორი დასჯის მიზნით. ანალოგიურად წაართვეს ტელევიზორი ლ.შ.-ს და დღეს ა.ქ.- ს, რომელმაც გამოაცხადა შიმშილობა. მივმართავ იუსტიციის მინისტრს და სასჯელაღსრულების სამინისტროს, მიაქციეთ ამ ბავშვებს ყურადღება, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ დასრულდეს რაიმე ცუდად. ეს ადამიანები ითხოვენ სიცრუის დეტექტორს და არ გააჩნიათ საშუალება კომუნიკაცია დაამყარონ ოჯახის წევრებთან, თუნდაც სატელეფონო. მონდომებული არიან მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარონ პროცესები და გამოიტანონ გამამტყუვნებელი განაჩენი, სხვა აქ არაფერი არ იკითხება”, – განაცხადა გელხაურმა.