საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა, საჰაერო გზით შემოსულ ტურისტებსაც PCR ტესტი მოსთხოვონ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ სახმელეთო და საჰაერო გზით ქვეყანაში შემომსვლელი ტურისტებისთვის COVID-პანდემიიდან გამომდინარე, განსხვავებული რეჟიმი აღარ იყოს.
„სახმელეთო გზით შემოსული პირები ნებისმიერ შემთხვევაში ექვემდებარებიან ტესტირებას. არ აქვს მნიშვნელობა მათი ვაქცინაციის სტატუსს. ჯერჯერობით, საჰაერო გზით ჩამოსული ტურისტები, რომლებიც შედარებით დაბალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოდიან ქვეყანაში, შემოდიან სავალდებულო PCR ტესტირების გარეშე. თუმცა, ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მსჯელობა და შესაძლებელია ეპიდემიური სურათის საჭიროებიდან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილებაც გადაიხედოს და იყოს უნივერსალური მოთხოვნა როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისთვის“, – აღნიშნა გაბუნიამ.