საოცარი ქალაქი სიცილიის გულში, ახლოს სანაპირო ზოლით და გარშემო ულამაზესი მთებით – ეს მუსომელია, სადაც სახლის ყიდვას მსურველი 1 ევროდ (ანუ, ჩვენს ეროვნულ ვალუტაში 3 ლარად) შეძლებს. აღნიშნული ინიციატივა მუსომელის მერიას ეკუთვნის, მიზანი კი 500-ამდე მიტოვებული სახლის გამოცოცხლება, მათი გარემონტება და აღდგენაა. ინფორმაციას ადგილობრივი (იტალიური) ვებგვერდი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის 100-მა ადამიანმა უკვე შეიძინა მუსომელიში საკუთარი სახლი, დანარჩენი მიტოვებული საცხოვრებლები კი ახალი მფლობელის მოლოდინშია.
ცხადია, სახლის 1 ევროდ ყიდვის მსურველებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილებაც მოუწევთ, კერძოდ, მათ სამი წლის მანძილზე უნდა წარუდგინონ ადგილობრივ ხელისუფლებას რემონტის პროექტი, გადაიხადონ სადაზღვევო დეპოზიტი 5000 ევროს ოდენობით და გაარემონტონ საცხოვრებელი.
ქალაქი მუსომელის შესახებ:
მუსომელი, როგორც უკვე გითხარით, იტალიაში, ცენტრალურ სიცილიაში მდებარეობს. მოსახლეობა 11 ათას ადამიანს შეადგენს. ქალაქი მდინარე პლატინის აღმოსავლეთითაა განთავსებული და მთიან რეგიონს მიეკუთვნება. აქ ამინდი კონტინენტურია, ხისტი და მშრალი ზამთარში, თბილი და ქარიანი – ზაფხულში. ტემპერატურა მერყეობს: ზამთრის მაქსიმუმი 7-11 ° C, ხოლო ზაფხულის ტემპერატურა 26-32 ° C (35 ° C- ზე ზემოთ).
აღსანიშნავია, რომ მუსომელი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქია. აქ წლების მანძილზე ქურდობასაც კი არ ჰქონია ადგილი.