LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სახეზეა წონის მატება, მაგრამ რჩება კოგნიტიური გაუარესება, ნეიროპათია, შფოთვა, დეპრესია, საჭიროებს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას, ფსიქოლოგიურ ინტერვენციას“ – რა დასკვნას აქვეყნებს სახალხო დამცველის კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილზე

171
BeFunky-collage

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით მყარი დადებითი პროგნოზის გაკეთების საშუალებას არ იძლევა. ამის შესახებ სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის დასკვნაშია ნათქვამია.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჯანმრთელობის გაუმჯობესების დადებითი დინამიკა აღენიშნება, რაც წონის მატებაში გამოიხატება, თუმცა, კოგნიტიური გაუარესება, კუნთთა ჰიპოტროფია, ნეიროპათია, შფოთვა, დეპრესია კვლავ რჩება.

კონსილიუმის წევრების აზრით, არსებული დადებითი დინამიკა იმითაა განპირობებული, რომ პაციენტი წელიწად-ნახევარზე მეტია პოლიპროფილურ კლინიკაში იმყოფება.

„თუ საპატიმროში გადავა, რამდენიმე კვირაში იმ სტატუსს დაუბრუნდება, რაც 6-7 თვის წინ ჰქონდა.. წონაში 7-8 კილო მოიმატა, თუმცა, მისი ფსიქო-ნევროლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესებული არ არის“ – კონსილიუმის წევრი ექიმი გიორგი გრიგოლია სააკაშვილზე

„თითქმის არ დგება, არ მოძრაობს, მეხსიერება დაქვეითებულია, ფეხების დაბუჟება ისევ რჩება, რაც შეეხება მის ფსიქო-ნევროლოგიურ სტატუსს, აქ დიდი გაუმჯობესება ვერ ვნახეთ“

„25 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა სპეციალისტთა/ექსპერტმა ჯგუფმა კლინიკა „ვივა მედში“ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესაფასებლად მორიგი ვიზიტი განახორციელა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახალხო დამცველის მანდატის გათვალისწინებით, ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტების მიზანი, შექმნის დღიდანვე, იყო/არის პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგი. ჯგუფი არ ერთვება პაციენტის მკურნალობის უშუალო პროცესში.

25 იანვრის ჯგუფის წევრებმა ფიზიკურად გასინჯეს მიხეილ სააკაშვილი, გაეცნენ სამედიცინო მასალების რელევანტურ ნაწილს და გაესაუბრნენ კლინიკის სამედიცინო პერსონალს.

ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა: ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ და ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა გიორგი გრიგოლიამ. ვიზიტის შემდგომ გამართულ ონლაინ განხილვაში მონაწილეობდნენ ასევე, კარდიოლოგ/არითმიოლოგი გიორგი პაპიაშვილი, თერაპევტი, შინაგან სნეულებათა და ჰოსპიტალური მედიცინის სპეციალისტი გრიგოლი ხურციძე, ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი და პალიატიური მედიცინის სპეციალისტი აიდა გოზალოვა, კარდიოლოგი გიორგი კაჭარავა და ენდოკრინოლოგი ნინო ზავრაშვილი.

ექიმ-ექსპერტების დასკვნა: ჩივილები/ანამნეზი – საერთო სისუსტე, წონასწორობის კარგვა, დაბუჟების შეგრძნება კიდურებში, ენერგიის დაქვეითება, კონცენტრაციის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება.

ლაბორატორიული კვლევებიდან აღსანიშნავია მიკროციტარული ანემია Hb 9,9g/l, ლეიკოპენია 3300. იღებს სეციტას, ტრიტიკოს, ვალსაკორს, ნებილეტს, ატარაქსს, ტამსულოზინს, რამოდენიმე საპლემენტს, სიმპტომურად არასტეროიდებს.

გასინჯვის შედეგი – პაციენტი ძირითადად წევს, თავს სუსტად გრძნობს, კითხვებს უხალისოდ პასუხობს, კოგნიტიური ფუნქციები შეფასდა MMSE სკალით – 21 ქულა (N≥25), გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის შეფასების სკალით (GAD-7) 18 ქულაა, რაც მძიმე შფოთვაზე მიუთითებს, დეპრესიის შეფასების PHQ-9 კითხვარით 21 ქულაა, რაც ასევე მძიმე დეპრესიაზე მიუთითებს, ორმხრივ აბდუქციისას ვლინდება end gaze არამყარი ნისტაგმი, მუხლის რეფლექსები დუნეა (1 ქულა), აქილევსის ორმხრივ არ იწვევა, იწვევა ხორთუმის რეფლექსი, მუცლის კანის რეფლექსი მარჯვნივ დუნეა, მარცხნივ არ იწვევა, ძალა კიდურებში დიფუზურად დაქვეითებულია სიმეტრიულად (4 ქულა), ცხვირთითის ტესტებს დისმეტრიით ასრულებს ორმხრივ, ალტერნატიული მოძრაობის ტესტები ქვემო კიდურებში გაუარესებულია (სისუსტის გამო), მუხლქუსლის ტესტებს ასევე სისუსტის გამო დისმეტრიით ასრულებს, რომბერგის პოზაში არამყარია, ტანდემური სიარული შეუძლებელია, გადაადგილდება მოკლე დაბალი ნაბიჯებით, ორმხრივ ქვემო კიდურებზე დისტალურად ვიბრაციული მგრძნობელობა მკვეთრად გაუარესებულია კოჭების ჩათვლით, გაუარესებულია ჩხვლეტის შეგრძნებაც ზედა კიდურებზე მაჯიდან ქვემოთ, ქვემო კიდურებზე ბარძაყის ზემო მესამედიდან ქვემოთ. ვლინდება კანის დაქვეითებული ტურგორი, განლეული კანქვეშა ცხიმი და გამოხატული კუნთების ატროფია.

ჩატარდა ორთოსტატიული ტესტი, ჰორიზონტალურად წნევა 150/80, პულსი 64’, ვერტიკალუ¬რად 3წთ-ის შემდეგ წნევა 140/90, პულსი 74’. ტესტი ნეგატიურია.

პაციენტის წონა: 77კგ, (BMI-20.5) მხრის გარშემოწერილობა D-25.5, S -26სმ, triceps skinfold thikness (TSF) 1.2სმ (მხრის კუნთების ფარ¬თობი გამოთვლილი იქნა ფორმულით [(25,5-π*1.2)^2]/4π -10 = 27.6 (N-54±11), რაც კუნთების გან¬ლევის ერთ-ერთი მარკერია), ბარძაყის გარშემოწერილობა D-44სმ, S-43სმ, წვივის გარ¬შე¬მო¬წე-რილობა D-35, S-35, კუნთთა ტონუსი დაქვეითებულია.

დასკვნა: ამჟამად სახეზეა დადებითი დინამიკა, რაც გამოიხატება წონის მატებაში და ნეგატიურ ორთოსტატიურ ტესტში. თუმცა, კვლავ რჩება კოგნიტიური გაუარესება, კუნთთა ჰიპოტროფია, ნეიროპათია, შფოთვა, დეპრესია. ექიმთა ჯგუფის აზრით, პაციენტი საჭიროებს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას, ფსიქოლოგიურ ინტერვენციას.

კონსილიუმის აზრით, არსებული დადებითი დინამიკა განპირობებულია იმით, რომ პაციენტი წელიწად-ნახევარზე მეტია იმყოფება პოლიპროფილურ კლინიკაში მაღალპროფესიონალი ექიმების მეთვალყურეობის და მკურნალობის ქვეშ. თუმცა, ყველა ფსიქონევროლოგიური პათოლოგია კვლავ იგივე ხარისხისაა.

შესაბამისად, კონსილიუმი მიიჩნევს, რომ პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით არ იძლევა საშუალებას მყარი დადებითი პროგნოზები იქნეს გაკეთებული.

ექიმთა ჯგუფი მორიგ ვიზიტს პაციენტთან განახორციელებს საჭიროების შესაბამისად.

? 25 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა სპეციალისტთა/ექსპერტმა ჯგუფმა მორიგი ვიზიტი განახორციელა…

Posted by საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia on კვირა, 04 თებერვალი, 2024

სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები: თენგიზ წულაძე, გიორგი კაჭარავა, ნინო ზავრაშვილი, გიორგი გრიგოლია, გრიგოლი ხურციძე, გიორგი პაპიაშვილი, აიდა გოზალოვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები