“აღნიშნული მეტროსადგური ახლადრეაბილიტირებული იყო და სახეზე გვაქვს სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის უპასუხისმგებლობა,” -ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
კალაძის თქმით, აღნიშნული სამუშაოები შეასრულა კომპანია „ყვარელრემმშენმა“ და მისმა ჯამური ღირებულებამ შეადგენა 347 852 ლარი.
„სამუშაოები დაიწყო 2016 წელს და დასრულდა 2017 წლის აგვისტოში. განახლებული მეტროსადგური ექსპლუატაციაში შევიდა სექტემბრიდან და რამდენიმე თვეში მივიღეთ ეს შედეგი. ჩვენ გვაქვს კითხვები, რომლებსაც დროულად უნდა გაეცეს პასუხი,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის ინფორმაციით, გამოძიება უკვე დაიწყეს შესაბამისმა სამსახურებმა და ის ხმამაღალი დასკვნების გაკეთებისგან თავს იკავებს.
„ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მომხდარის მიზეზები დროულად დადგინდეს და ყველამ თავისი დანაშაულის შესაბამისად აგოს პასუხი. ვერ და არ ეპატიება არც ერთ კომპანიას, არც ერთ ადამიანს, ვისი არაჯეროვანი და უპასუხისმგებლო მოქმედებების შედეგადაც, თუნდაც ერთი მოქალაქის ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას ან სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე დაემუქროს. ჩვენ დეტალურად ვამოწმებთ ყველა ობიექტს თბილისში – ბაღებს, სპორტულ კომპლექსებს, მეტროსადგურებს. სამწუხაროდ, უხარისხო მუშაობის შედეგები ფეხდაფეხ მოგვყვება და უკვე იჩენს თავს. ძალიან ბევრი საქმეა წინ. შემოწმება, მონიტორინგი უკვე როგორც არსებულის და ზოგადად, გაკეთებულის გამოსწორება გვიწევს და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენ განსაკუთარებულ ყურადღებას დავუთმობთ ხარისხს,“ – განაცხადა კალაძემ.