LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფოს “ნამახვანჰესის” მშენებარე კომპანიისთვის კვლევების ჩატარება არ მოუთხოვია – EMC-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი

157
ნამარხვანჰესი თათული

“ნამახვანჰესის” ხელშეკრულებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესები კერძო კომპანიის სასარგებლოდაა დათმობილი, ამის შესახებ „ფორტუნას“ გადაცემა „კვირის თემაში“ EMC-ის (“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის”) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა თათული ჭუბაბრიამ ისაუბრა.

ჭუბაბრია განმარტავს, რომ ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს არაერთი სახის ზიანი.

„ხელშეკრულებიდან გავიგეთ, რომ საქართველომ, ამ პროექტის შესასრულებლად  საბიუჯეტო ვალდებულებები იტვირთა.  სახელმწიფომ ასევე გადაწყვიტა, რომ გადააზღვიოს კომპანიის ბიზნესრისკებიც და შედის ხელშეკრულებაში, სადაც  საკომპესაციო პირობები არათანაბრად არის გადანაწილებული.  სახელმწიფო გადაიხდის არაერთი სახის ზიანს, რომელიც შეიძლება კომპანიამ  ნახოს საქართველოში ოპერირებისას“ , – ამბობს ჭუბაბრია.

მისივე განმარტებით, კომპანიას ექნება შეუზღუდავი უფლებები ბუნებრივ რესურსებზე. კანონმდებლობის, გადასახადისა და ბაზრის წესების ცვლილებით გამოწვეულ ფინანსურ ხარჯებს კი მთლიანად სახელმწიფო ანაზღაურებს.

„ხელშეკრულება ძალიან  კონკრეტულად საუბრობს მიწის რესურსზე, წყლის რესურსზე, სხვა ბუნებრივ წიაღისეულზე, რომელზეც კომპანიას აქვს პრეტენზიები. კომპანია ძალიან ცხადად საზღვრავს თავისი ინტერესების ფარგლებს. ის კონკრეტულად უსაზღვრავს კომპენსირებას ჩვენს ქვეყანას, მაშინ როდესაც ჩვენ არ გვაქვს უფლება კომპანიის დავალდებულებისა იმ შემთხვევაში, თუ რაიმე პირობით შეწყდება  ხელშეკრულება. იქიდან გამომდინარე, თუ ფორსმაჟორული სიტუაცია დადგება, კომპანიას სახელმწიფოსთან ერთად თანაბარი ტიპის ვალდებულება არ აქვს.  ჩვენ რესურსს შესაბამისი გადასახადისა და მოსაკრებლის გარეშე ვაძლევთ.

ჩვენ ვიცით, რომ დავაზღვიეთ კომპანიის რისკები და რომ მისთვის ეკონომიკური მდგომარეობა არ შეიცვლება. ქვეყანაში რეგულირების სფერო თუ გაიზრდება, შეიძლება ხარჯი გაეზარდოს კომპანიას. ყველაფერი ეს განჭვრეტად გარემოებად დასახა კომპანიამ და დააზღვია ხარჯების რისკები. ასეთ შემთხვევაში ის მოითხოვს ხელშეკრულების გადახედვას და ის მოითხოვს არაპირდაპირი დანაკარგების  კომპენსირებას. ასევე საუბარია კომპანიის სხვა კონტრაქტორებზეც, რომლებიც ასევე  უნდა კომპენსირდნენ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს კონტროლს მიღმა ზიანი მიადგება მათ ეკონომიკურ მდგომარეობას“, – განმარტავს EMC-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი.

კითხვაზე, რა პირობების დაკმაყოფილებას ითხოვს სახელმწიფო ხელშეკრულებით. რამდენად ითხოვს კვლევებს, თათული ჭუბაბრია პასუხობს:

„სწორედაც ეს გარემოებაა ყველაზე შემაშფოთებელი. ხელშეკრულებაში  წერია, რომ ნებართვები, რომელიც კომპანიას დასჭირდება, სახელმწიფოსგან ექნება. პირველად 2019 წელს მათ გააფორმეს ხელშეკრულება პირობებზე და შემდეგ მას მოჰყვა საპროექტო განაცხადი და შესაბამისი ნებართვები. ხელშეკრულებით  კომპანიამ დააზღვია, რომ მას პრობლემები არ შეექმნებოდა ადგილზე ნებართვების მოპოვებაზე. დღეს უკვე ცხადია, რატომ ხდება ისე, რომ დავა მიმდინარეობს სასამართლოში  და სახელმწიფოს  გადასროლილი ჰყავს პოლიცია იქითკენ, რომ კომპანიამ შეუფერხებლად შეეძლოს სამშენებლო სამუშაოების წარმოება. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში დავაა, სასამართლო მოსმენაც კი არ ჩანიშნულა შეტანილ სარჩელზე.

აქედან ჩანს, რომ სახელმწიფოს რაიმე კვლევის ჩატარების მოთხოვნა არ ექნებოდა. საპროექტო დამაჯერებლობისთის „იქმნებოდა დამაჯერებელი ნაბიჯები“, რასაც მერე და მერე დააწევდნენ პროექტს.  ვიცით, რომ  2020 წლის პანდემიის დროს გაიცა პირობიანი სამშენებლო ნებართვა, ეს ნიშნავს, რომ ნებართვაში პირობა არის ჩადებული, რომ კომპანია წარმოადგენს მომავალში გარკვეული ტიპის დასაბუთებებსა და კვლევებს“, – ამბობს თათული ჭუბაბრია „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად.

რეალური ინვესტიცია თუ რიონის ხეობის განადგურების საფრთხე – რა ვიცით “ნამახვანჰესის” პროექტზე

შეგახსენებთ, ნამახვანჰესის პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს „ენკა რინიუებლზს“ გაფორმებულ ხელშეკრულებას ეკონომიკის სამინისტრო დიდი ხნის განმავლობაში არ ასაჯაროვებდა. 

ის მხოლოდ ის მხოლოდ 2021 წლის 7 თებერვალს გასაჯაროვდა, როცა გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ifact-მა დოკუმენტი მოიპოვა და გამოაქვეყნა.

EMC-მ შეისწავლა ეს ხელშეკრულება და ამ დოკუმენტში შეთანხმების შინაარსს კრიტიკულად განიხილავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები