უწყებების უმრავლესობაში საზოგადოებასთან ურთიერთობისთვისთვის ცალკე ბიუჯეტი და ფინანსური რესურსები არ არსებობს. ამის შესახებ პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ”ჯეპრას” წარმომადგენელმა კახა მაღრაძემ განაცხადა.
”ჯეპრა” საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნტოს პროექტის ”ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის” (NSDI) საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაშია ჩართული.
PR ჯგუფის თემატური ანგარიშის პრეზენტაციაზე, კახა მაღრაძემ იმ ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა, რაც უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობებზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულებთან მუშაობის პროცესში გამოიკვეთა.
”ძირითადად, ეს ერთეულები არიან ჩართული პიარის სამუშაო ჯგუფშიც და კომუნიკაციურ პროცესშიც. ისინი იყენებენ როგორც მედიასთან ურთიერთობას, ასევე ინტერნეტკომუნიკაციას, შიდა პიარს და ა.შ. საკმაოდ გამოცდილი და კვალიფიციური პერსონალი ჰყავს თითოეულ უწყებას. მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც მეტნაკლებად გამართული აქვთ თუმცა, ძირითადი პრობლემა რომელიც გამოვლინდა ამ კუთხით, არის უმეტეს უწყებაში საზოგადოებასთან ურთიერთობისთვისთვის ცალკე ბიუჯეტის და ფინანსური რესურსების არარსებობა. ამ მხრივ რამდენიმე უწყებაა მხოლოდ გამონაკლისი და ჩვენ ეს, რა თქმა უნდა, სამოქმედი გეგმაშიც გავითვალისწინეთ და ძირითადი აქცენტი რესურსტევად აქტივობებზე გავაკეთეთ” – განაცხადა მაღრაძემ.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) შექმნასა და განვითარებასთან დაკავშირებით, წლის შემაჯამაბელი კონფერენცია გამართა.
ეროვნული სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება ელექტრონული მმართველობის ერთ-ერთი ფორმაა და ვებპორტალის საშუალებით, დაინტერესებული პირებისთვის მაღალი ხარისხის, ჰარმონიზებული სივრცითი მონაცემების წარმოებასა და ხელმისაწვდომობას გულისხმობს.
ეროვნული სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო.