LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო სერვისების მიღება 1000 სოფელშია შესაძლებელი

86

ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით, სახელმწიფო სერვისები, მთელი საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტი სოფლის მოსახლეობისთვის გახდა ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ,,ფორტუნას” სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა ადგილობრივი მოსახლეობისათვის ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრების პროექტის პრეზენტაცია დუშეთში მოაწყვეს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 71 ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრი მუშაობს, რომელიც 1000-ზე მეტი სოფლის მოსახლეობას მისცემს საშუალებას, სოფლიდან გაუსვლელად მიიღოს 200-ზე მეტი ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი სახელმწიფო სერვისი.

,,პროექტის მიზანია, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახადოს სახელმწიფო სერვისები. ლიბერთი ექსპრესის მანქანების საშუალებით, სერვისების განვითრების სააგენტოს ოპერატორები მომსახურებას უწევენ ისეთ სოფლებს, სადაც არ არის იუსტიციის სახლები, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები და საზოგადოებრივი ცენტრები”, – განაცხადეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.

მათივე ცნობით, ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით, მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს, როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ისე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ეროვნული არქივისა და შპს „მექანიზატორის“ მომსახურებით. ასევე, შესაძლებელია სხვადასხვა სახის საბანკო მომსახურების მიღება: პენსიისა და სოციალური დახმარების აღება, ფულადი გზავნილების მიღება ან გაგზავნა, ანგარიშის გახსნა, სესხის აღება, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრის პირველი 9 ავტომანქანა 2015 წლის 27 ივლისს, შიდა ქართლში საპილოტედ გაეშვა, რომლის მეშვეობით 100-ზე მეტი სოფლის მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა სოფლიდან გაუსვლელად მიეღოთ სახელმწიფო სერვისები.