LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

98

დღეს მიწას მივაბარებთ ღირსეული პატივით ახალგაზრდა ვაჟკაცს, რომელიც სამწუხაროდ, საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი აღმოჩნდა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

ციხელაშვილმა მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, ტატუნაშვილისთვის ღირსეული პატივის მიგების შემდეგ ხელისუფლების მთავარი ამოცანა მისი მკვლელების დასჯა იქნება.

“დღეს ყველანი უნდა ვიყოთ პირველ რიგში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის გვერდში. ამის შემდეგ ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ ჩატარდეს სათანადო გამოძიება, იმისთვის, რომ შესაბამისი რეაგირება იყოს ამ უმძიმეს ფაქტზე და მეორე მხრივ, ამოქმედდეს აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი, რომელიც გააჩნია საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა მსგავსი ფაქტების და ზოგადად ადამიანის უფლებების დარღევევის პრევენცია მოხდეს, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენდა სამწუხაროდ ხდება ჩვენს ტერიტორიაზე”, – განაცხადა ციხელაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილს დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონიას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.