LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო კომპანია ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდება

36

სამელიორაციო ინფრასტრუქტურა და მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელზეც ეს ინფრასტრუქტურაა განთავსებული ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება. ამ საკითხზე საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილმა პარლამენტის აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარმოადგინა.

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, განიმარტა ტერმინი სამელიორაციო ინფრასტრუქტურა, რომელიც აქამდე განმარტებული არ იყო. პროექტის მიხედვით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურა არის სარწყავი, დამშრობი და ორმხრივი რეგულირების სისტემები, წყალსაცავები, სატუმბი სადგურები, დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობები.

„შესაბამისად, დაკონკრეტდა გადასახადისგან გასათავისუფლებელი ქონების სახეობაც. კერძოდ, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება პირველადი წყალმოსარგებლის, კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის გადაცემული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა და მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელზეც ეს ინფრასტრუქტურაა დამაგრებული“, – განმარტა დავით გალეგაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ამჟამად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ქონების ღირებულება 600 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. „მომდევნო 5 წლის განმავლობაში, იგეგმება სამელიორაციო სისტემის აღდგენა-რეაბილიტაციის კუთხით საკმაოდ დიდი თანხების დახარჯვა, რაც კომპანია „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალზე ავტომატურად აისახება. აქედან გამომდინარე, ქონების გადასახადის დაბეგვრის შემთხვევაში, დიდი ოდენობის ახალი საგადასახადო ვალდებულებები წარმოიშობა, რომლის გადახდის საშუალებაც კომპანიას, ჯერჯერობით, არ გააჩნია. ეს დარგი სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, სამელიორაციო სისტემების შენახვისა და რეაბილიტაციისთვის საჭირო ხარჯებისთვის დაფინანსებას ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ღებულობს და მთლიანად სუბსიდიაზეა“, – განაცხადა გალეგაშვილმა.

მისი განმარტებით, ეს ინიციატივა 2015 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელდება, რადგან ამ თარიღამდე კომპანია ქონების გადასახადისგან გათავისუფლებული იყო.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, კომპანია იმიტომ კი არ თავისუფლდება გადასახადისგან, რომ გარკვეული შეღავათები მიიღოს, არამედ იმიტომ, რომ ამ თანხამ ტარიფის გაანგარიშების დროს არ იმოქმედოს და მოსახლეობას მომსახურება არ გაუძვირდეს.

ქონების გადასახადის გადახდის შემთხვევაში კომპანიას დამატებით 6 მილიონი ლარის გადახდა მოუწევდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები