LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო „ენკას“ სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადას კიდევ 1 წლით უხანგრძლივებს: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

54
სამუშაოები ხეობაში

„საჯარო ინფორმაციის სახით მიღებული დოკუმენტაციით დგინდება, რომ ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია „ენკას” ქვემო ნამახვანი ჰესის სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა“ – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია – სოციალური სამართლიანობის ცენტრი წერს.

ორგანიზაციის შეფასებით, სამინისტროს ეს გადაწყვეტილება „ენკასთვის“ მინიჭებული კიდევ ერთი დაუსაბუთებელი შეღავათია, რომელიც ადასტურებს, რომ განცხადებები პროექტის სათანადოდ შესწავლის შესახებ, მცდარი და საფუძველს მოკლებულია.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ფიქრობს, რომ ამასთანავე ეს პროცესი კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვიანი „მორატორიუმის“ გამოცხადების რეალურ მოტივს ხსნის.

ხოლო, კაშხლის ნაგებობის მშენებლობის გადავადება სინამდვილეში უკავშირდება არა მთავრობისა და კომპანიის კომპრომისს, არამედ იმ ფაქტს, რომ კომპანიამ სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაციის ჩაბარება თავად დააგვიანა და ამავე პერიოდით სახელმწიფოსგან ვადის გახანგრძლივება მოითხოვა.

„შეგახსენებთ, რომ კომპანია „ენკას“ სრული საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო დასკვნების წარდგენისთვის განსაზღვრული ვადა მიმდინარე წლის 13 აპრილს ამოეწურა.

საჯარო ინფორმაციის სახით მიღებული ახალი დოკუმენტაციით დგინდება, რომ სავალდებულო დოკუმენტაციის არარსებობას ეკონომიკის სამინისტრო ლოიალობით მოეკიდა და 2021 წლის წლის 19 მარტს, მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული ეს ვადა კომპანიას 2022 წლის 28 თებერვლამდე გაუგრძელა,“ – წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

მათივე განცხადებით, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ „ენკამ“ სამინისტროს ვადის გაგრძელების თხოვნით მიმდინარე წლის 17 თებერვალს მიმართა. 12 მარტს კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ ჰესის ძირითადი ნაგებობების (კაშხალი და წყალსაცავი) მშენებლობაზე კვლევების ნაწილის ხელახალ გადამოწმება-ვალიდაციამდე „მორატორიუმი“ ცხადდებოდა.

„მინისტრის ეს განცხადება საზოგადოებას დღემდე მიეწოდება როგორც კომპრომისული ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლებამ პროტესტის საპასუხოდ გადადგა. სინამდვილეში, „ენკას“ შესაბამისი დოკუმენტაციის არარსებობის გამო, კაშხლის მშენებლობის უფლება ისედაც არ ჰქონდა“. – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

მათივე შეფასებით, მეტიც, სამინისტროსთვის უკვე ცნობილი იყო, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის მომზადებას „ენკა“ ვერ ასწრებდა და, შესაბამისად, ჰესის ძირითადი ობიექტების მშენებლობის უფლებას კომპანია კიდევ მინიმუმ ერთი წელი ვერ მოიპოვებდა.

„ამდენად, ის გარემოება რომ კომპანიამ ჰესის მშენებლობისთვის კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში მომზადება ვერ შეძლო, ხელისუფლებამ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით გამოიყენა და პერიოდი, რომლის განმავლობაშიც „ენკას“ კაშხლის მშენებლობის უფლება ისედაც არ ექნება, საზოგადოებრივი აზრის მიმართ დათმობად წარმოაჩინა“. – ნათქვამია განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, საგულისხმოა, რომ 17 თებერვალს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს” მიმართვისას კომპანიამ სამშენებლო ნებართვის პირობების ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის მიზეზად „პროექტის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა” დაასახელა და დოკუმენტაციის წარდგენისთვის ახალი ვადად – 2022 წლის 28 თებერვალი მოითხოვა.

„იმ პირობებში, როდესაც რიონის ხეობა პოლიციას თითქმის მთლიანად ჩაკეტილი აქვს, აღმართულია ბარიკადები, ადამიანებს, მათ შორის, რიონის ხეობის მცხოვრებლებს, ხეობაში თავისუფლად შესვლისა და გადაადგილების უფლება შეზღუდული აქვთ, ხოლო კომპანიის სამშენებლო სამუშაოებს საპოლიციო ძალები იცავენ, სრულიად გაუგებარია, რამ შეუშალა ხელი კომპანიას სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში და რა გახდა სამშენებლო დოკუმენტაციის მოუმზადებლობის საფუძველი და რატომ უკავშირებს „ენკა” საკუთარი ვალდებულებების დარღვევას პროექტის ირგვლივ შექმნილ მდგომარეობას“. – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული შუამდგომლობის დაუსაბუთებლობის და ბუნდოვანი საფუძვლების მიუხედავად, სააგენტო უპირობოდ დაეთანხმა კომპანიის მოთხოვნას და მიმდინარე წლის 19 მარტის ბრძანებით, „ენკას“ სრულყოფილი სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად 2022 წლის 28 თებერვალი განუსაზღვრა.

„აქვე, საგულისხმოა, რომ მშენებლობის ნებართვით „ენკას“ სამშენებლო დოკუმენტაციის დანაწევრებულად წარდგენის და ადგილზე სამუშაოების ნაწილ-ნაწილ განხორციელების საშუალება მიეცა. კერძოდ, კომპანიას ცალკეული ობიექტებისთვის წარდგენილი სამშენებლო დოკუმენტების საფუძველზე მათი მშენებლობის უფლება ეძლევა, ისე, რომ სრული სამშენებლო პროექტი დღემდე არ არსებობს. სახელმწიფოსა და კომპანიის წარმომადგენლები კი აქტიურად საუბრობენ, რომ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი სრულყოფილია,“ – წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

მათივე განცხადებით თანახმად, საჯარო ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ კომპანიას ამ დრომდე სახელმწიფოსთვის მხოლოდ სამი ობიექტის: სადერივაციო გვირაბის, სატურბინე მილსადენისა და რეზერვუარის გამთანაბრებლის დოკუმენტაცია აქვს წარდგენილი (რომელთაგან მხოლოდ ერთის, სადერივაციო გვირაბის, შესახებ არსებობს ინფორმაცია, რომ სააგენტომ ის შეითანხმა, და კომპანიამ ამ ობიექტის მშენებლობის დაწყების უფლება მიიღო).

ჰიდროელექტროსადგურის დანარჩენი ობიექტების თაობაზე, მათ შორის კაშხალზე, კომპანიას საექსპერტო დასკვნებით გამყარებული სრულყოფილი სამშენებლო დოკუმენტაცია, ჯერ ისევ არ გააჩნია.

„მშენებლობის პროცესის მსგავსი სახით დანაწევრება უკიდურესად ართულებს მისი საერთო ზეგავლენისა და ფაქტობრივად მიმდინარე სამუშაოების შეფასების შესაძლებლობას, როგორც ნებართვის გამცემი ორგანოსთვის, ისე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის,“ – წერს ორგანიზაცია.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, მოსახლეობისთვის უცნობია თუ რა ტიპის სამუშაოებს აწარმოებს „ენკა“ მიმდინარე პერიოდში ხეობაში და სიმართლეა თუ არა კომპანიის მტკიცება იმის შესახებ, რომ ხეობაში მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება დროებითი ნაგებობების განსათავსებლად.

„იმის გათვალისწინებით, რომ ადგილზე მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობა 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ არ განხორციელებულა, და ხეობა დახურულია ჟურნალისტებისა თუ აქტივისტების დაკვირვებისთვის, შეუძლებელია იმის დადგენა, ფაქტობრივად რა სამუშაოები მიმდინარეობს ადგილზე და აქვს თუ არა მისი განხორციელების უფლება“. – წერს ორგანიზაცია.

მათივე ცნობით, „ენკას“ სოციალური სამართლიანობის ცენტრმა „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს” ინსპექტირების ჩატარების მოთხოვნით 17 მაისს მიმართა.

მათი შეფასებით, სახელმწიფოს მიერ კომპანიის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება კიდევ უფრო ამძაფრებს საზოგადოებაში არსებულ პროტესტის შეგრძნებას, რომელიც ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის უკანონო, გაუმჭვირვალე და არასაჯარო პროცესებს უკავშირდება.

„ამასთან, იმის მიუხედავად, რომ კომპანიას დღემდე არ წარმოუდგენია სრულყოფილი სამშენებლო დოკუმენტაცია, ადგილზე მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები წარმოებს, რაც გარემოს მძიმე და შეუქცევად ზიანს აყენებს.

პარალელურად, საკუთარი ფუნქციების შესრულებას თავს არიდებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოც, რომელიც, „ენკას“ მიერ სანებართვო პირობების არა ერთი სავარაუდო დარღვევის მიუხედავად, სამშენებლო სამუშაოებს არ ამოწმებს და კომპანიას ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას არ აკისრებს“. – ნათქვამია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები