LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური: 2017 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი გაზრდილი მოცულობები დამატებით დასაბუთებას საჭიროებს

94

2017 წლისათვის დაგეგმილი საშემოსავლო გადასახადის მნიშვნელოვნად გაზრდილი მოცულობა, დამატებით დასაბუთებასა და განმარტებას საჭიროებს. ასეთია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასება მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, რომლის განხილვაც პარლამენტში უკვე დაწყებულია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიაჩნიათ, რომ დამატებით დასაბუთებასა და განმარტებას საჭიროებს ბიუჯეტის პროექტით წარმოდგენილი იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მოცულობაც.

“აღსანიშნავია, რომ საგრძნობლად იზრდება იმპორტის გადასახადის სახით დაგეგმილი შემოსავლების მოცულობა. კერძოდ, 2016 წლის გეგმურ მაჩვენებელთან მიმართებაში იმპორტის გადასახადის სახით მისაღები შემოსავლების ზრდის ტემპი 14.7%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გასულ წლებში დაფიქსირებული ზრდის ტემპის მაჩვენებლებს. საყურადღებოა აგრეთვე, რომ 2017 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტზე თანდართულ ”ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორების“ დოკუმენტის მიხედვით, 2017 წლისათვის მოსალოდნელი იმპორტის მოცულობის ზრდის ტემპი 8.1%-ის დონეზეა განსაზღვრული. რამდენადაც, პროგნოზირების მოდელის დაშვებით, იმპორტის გადასახადის სახით მისაღებ შემოსავალსა და იმპორტის მოცულობას შორის ელასტიურობის კოეფიციენტი განსაზღვრულია 1 ერთეულის ოდენობით, დამატებით დასაბუთებასა და განმარტებას საჭიროებს, ბიუჯეტის კანონპროექტით წარმოდგენილი იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მოცულობა”, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტით, ”შემოსავლების“ მუხლის გეგმური მაჩვენებელი 8,715 მლნ ლარის დონეზე განისაზღვრა, საიდანაც 8,170 მლნ ლარი საგადასახადო შემოსავლებზე მოდის. აღნიშნული მაჩვენებელი 2.4%-ით აღემატება 2016 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ ოდენობას. რაც შეეხება გადასახადების ცალკეულ ტიპებს, 2017 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით, საშემოსავლო გადასახადის გეგმური მაჩვენებელი 353 მლნ ლარით (16.9%-ით) იზრდება და 2,439 მლნ ლარის დონეზეა პროგნოზირებული.

”საყურადღებოა, რომ აღნიშნული ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად აღემატება ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადიდან მობილიზებული შემოსულობების ზრდის ტემპებს. ამასთანავე, თუ გავითვალისწინებთ მომავალი წლის ნომინალური მშპ-ის ზრდის ტემპის პროგნოზირებულ მაჩვენებელსა და იმ გარემოებას, რომ საბიუჯეტო კოდექსში განხორციელებული ცვლილებით, 2016 წლის 1 იანვრიდან საშემოსავლო გადასახადის გარკვეული სახეობებიდან მიღებული შემოსულობები სრულად მიიმართება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში,  2017 წლისათვის დაგეგმილი საშემოსავლო გადასახადის მნიშვნელოვნად გაზრდილი მოცულობა დამატებით დასაბუთებასა და განმარტებას საჭიროებს”- აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის მიერ გაკეთებულ დასკვნაში.
პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტით, მნიშვნელოვნად მცირდება (46.6%-ით) მოგების გადასახადიდან მისაღები შემოსავლების მოცულობა. კერძოდ, 2017 წლისთვის მოგების გადასახადი 523 მლნ ლარის დონეზეა დაგეგმილი, რაც 457 მლნ ლარით ნაკლებია 2016 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმურ მაჩვენებელზე. ასეთი მკვეთრი შემცირება განპირობებულია ”საგადასახადო კოდექსში” განხორციელებული რეფორმით (ე.წ. ესტონური მოდელის დანერგვით), რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება და მოგების გადასახადით აღარ დაიბეგრება რეინვესტირებული (გაუნაწილებელი) მოგება.