LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველის ოფისი მამუკა ხაზარაძის გუშინდელ განცხადებებს შეისწავლის

39
lomjaria_axali

სახალხო დამცველის ოფისმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ მამუკა ხაზარაძის მიერ გუშინ, საკომიტეტო განხილვის დროს გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით საკითხის შესწავლა რამდენიმე მიმართულებით, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ომბუდსმენის თქმით, ის შეხვდა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, რა დროსაც ხაზარაძეს აღნიშული წერილი არ უხსენებია.

„რაც ჩვენ მოვისმინეთ, როგორც შეხვედრის დროს, ასევე გუშინ საპარლამენტო-საკომიტეტო განხილვაზე, ნამდვილად არის ის საკითხები, რაც ექცევა ადამიანის უფლებების დაცვის ქვეშ, ამიტომ სახალხო დამცველმა და ჩვენმა ოფისმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ ამ საკითხის შესწავლა რამდენიმე მიმართულებით. თუმცა, ამ ეტაპზე გვჭირდება დამატებითი ინფორმაციები შესაბამისი უწყებებიდან. ამის შემდეგ უკვე ჩამოვყალიბდებით კონკრეტულად რა მიმართულებით შეიძლება წავიდეთ. ასევე არ გამოვრიცხავთ, ვიფიქროთ, იყო თუ არა დისკრიმინაციული მიდგომა ამ პირების მიმართ სახელმწიფო უწყებების მხრიდან, თუმცა ამისთვის გვჭირდება დამატებითი ინფორმაცია და უკვე დაწყებული გვაქვს  ინფორმაციის მოძიება. როდესაც შევხვდით მამუკა ხაზარაძეს, წერილის ფაქტი არ უხსენებია, ჩემთვისაც გუშინ გახდა მედიის საშუალებით ცნობილი და ყველანი ველოდებით, რომ შესაბამისი მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი. ასევე მზად ვარ, რომ ამ შესწავლის პროცესში გავეცნობი წერილს, თუკი ასეთი არსებობს, მათ შორის იმ ფორმით, რა ფორმითაც ისურვებს თავად განმცხადებელი,”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

რაც შეეხება წინასაარჩევნოდ 120 მლნ, ლარის 3 მლნ-ად ჩამოწერის საკითხს, როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, ზოგადად, ვალების ჩამოწერის საკითხი იყო პრობლემატური, თუმცა  ხაზარაძეს არ განუცხადებია, იყო თუ არა ეს იძულება.

„ასე პირდაპირ ამის შესახებ არ განუცხადებია ბატონ ხაზარაძეს, თუმცა,  ეს გარემოებები საჭიროებს დამატებით შესწავლას. მუქარის შესახებ ჩემთვის არ იყო ცნობილი, თუმცა დეტალებზე, როგორ მოხდა შეთანხმება და ვინ მონაწილეობდა, რატომ მიიღო ბანკმა გადაწყვეტილება ასე კონკრეტულად, არ გვისაუბრია. ნამდვილად იბადება განცდა, რომ შესაძლოა, ეს ინიციატივა ბანკისგან არ მომდინარეობდა,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, მას კომუნიკაცია ექნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტთანაც.

„შესწავლის პროცესში ჩვენ გვექნება კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან. მე ვაპირებ შევხვდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც. ვაპირებ დამატებითი ინფორმაციის ოფიციალურად გამოთხოვასაც, რომ გვქონდეს ორმხრივი მასალები,“ – განაცხადა ლომჯარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები