LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

79

საქართველოს სახალხო დამცველი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ასევე, მოქალქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ აპარატის ცხელ ხაზსს ნომერზე – 14 81

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მისი რწმუნებულები მთელი დღის განმავლობაში დააკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

„17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღების თარიღს უკავშირდება. საქართველოში ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობები მჭიდრო კავშირშია ლგბტ+ ადამიანების მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციის მაჩვენებელთან. სახალხო დამცველის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ თანასწორობის უფლების რეალიზაციის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ჯგუფს სწორედ ლგბტ+ ადამიანები წარმოადგენენ. საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და წინასწარგანწყობები ყოველდღიური რისკის ქვეშ აყენებენ მათ მიერ ისეთი მნიშვნელოვანი უფლებების გამოყენებას, როგორიცაა განათლების, დასაქმების, ჯანმრთელობის დაცვის, სხვადასხვა სფეროში მომსახურების მიღებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება.

გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა ის ძირითადი ღირებულებებია, რაზეც დაფუძნებულია ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ამასთან, უაღრესად მნიშვნელოვანია ძალადობისაგან დაცლილი, თანასწორუფლებიანი და სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, მაქსიმალურად შეეწყოს ხელი ლგბტ+ ადამიანების და მათი მხარდამჭერების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების განხორციელებას, რათა შესაძლებელი იყოს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღნიშვნა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები