„ჩვენ ამ დღეებში აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის აღდგენის და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს, რომლის მთავარ შემოქმედებს ცხოვრების დიდი ნაწილის გატარება საზღვარგარეთ მოუხდათ.
ისტორიულმა უსამართლობამ და განსაცდელმა ქართველ ხალხს დაანახა, რომ ჩვენთვის უმთავრესია სამშობლოს ერთგულება, სამშობლოს ერთიანობა და ერთმანეთის მხარდამხარ დგომა. დღეს ჩვენს ხალხს კვლავ სჭირდება ყველა ეს თვისება, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმზე ირაკლი კობახიძემ ქვეყნის განვითარებაში ქართული დიასპორის განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავების მიზნით, საქართველოს პარლამენტის მიერ, საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ამ კუთხით განხორციელებულ ცვლილებებზე.
„ქვეყნის წინსვლაში დიასპორის ფასდაუდებელი როლის გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში ღირსეული ადგილი განუსაზღვრა სიტყვებს და ტერმინს „თანამემამულეს“ და „უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს“. ქვეყნის ძირითად კანონში პირველად გაჩნდა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო იღებს ვალდებულებას იზრუნოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე.
ასევე, საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, მოხდა კონსტიტუციის იმ ჩანაწერის გაუქმება, რომელიც ზღუდავდა ორმაგ მოქალაქეობას. კონსტიტუციის ეს ნორმა პრობლემებს უქმნიდა ჩვენს თანამემამულეებს. შესაბამისად, შეზღუდვა მოხსნილია და სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაშიც, ჩვენს თანამემამულეს შეეძლება საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება. ამჟამად, წარიმართება მუშაობა შესაბამის კანონპროექტზე, რომლითაც სათანადოდ დაკონკრეტდება ეს მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ჩანაწერი“,–აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ ფორუმის მონაწილეებს სხვა საკანონმდებლო აქტებში დაგეგმილი ცვლილებებიც გააცნო.
„ამჟამად, პარლამენტში მიმდინარეობს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა, რომელიც ითვალისწონებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა ქვეყნის მოქალაქეებისათვის დაფინანსების და ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობას“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დიასპორული ორგანიზაციების მონაწილეობას ევროინტეგრაციის პროცესში დიდი როლი უნდა მიენიჭოს და ამისთვის პარლამენტი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას გეგმავს.
„დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს დიასპორული ორგანიზაციების მონაწილეობას ევროინტეგრაციის პროცესში, უნდა გაძლიერდეს მათი საქმიანობა ადგილსამყოფელ ქვეყნებში. ამიტომაც, კანონში ცვლილება უზრუნველყოფს ორგანიზაციების გაძლიერების, სტიმულირებისა და მათთვის სახელმწიფოს მხარდაჭერის ახალი მექანიზმების შექმნას. ცვლილება ხელს შეუწყობს ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ სახელმწიფოსა და დიასპორას შორის ურთიერთობის ეფექტურობას და ეფექტიანობას. ამიტომაც, კანონპროექტზე მუშაობა უნდა განხორცილდეს დიასპორული ორგანიზაციების ძალიან აქტიური ჩართულობით და ეს იქნება კიდეც უზრუნველყოფილი“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის მოსაზრებით, გამოსაძებნია ახალი ფორმა, რაც, ზოგადად, საკანონმდებლო საქმიანობაში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მონაწილეობას გაზრდის. მან დიასპორის წარმომადგენლებს, ამ საკითხთან დაკავშირებით, ერთობლივი მუშაობის დაწყება შესთავაზა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პარლამენტსა და ქართულ დიასპორას შორის მუდმივი კავშირის შენარჩუნებისა და გაღრმავებისათვის, პარლამენტში მოქმედებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი. კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით, კი ასევე შექმნილია სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც აერთიანებს დიასპორის საკითხზე მომუშავე მკვლევარებს, მეცნიერებს, ჟურნალისტებსა და სხვა სპეციალისტებს.
„ყველა ეს საქმიანობა მიმართულია ჩვენი თანამემამულეების მხარდაჭერისაკენ, მაგრამ, ასევე, საქართველოს მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზნის – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობისაკენ.
მინდა გისურვოთ სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება და საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენი დამოუკიდებლობის საუკუნოვან იუბილეს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.