საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას მამა, ისა შახმაროვი ამბობს, რომ შვილის იძულებითი ქორწინების შესახებ არაფერი იცოდა.
ისა შახმაროვი საქართველოში არ ცხოვრობს. როგორც მან „ფორმულას“ საუბარში განაცხადა, შვილმა მკვლელობამდე სამი დღით ადრე დაურეკა და დახმარება სთხოვა, თუმცა გზაში შეიტყო, რომ აითაჯი მოკლეს. მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიანიჭეს.
“იმის თქმა შემიძლია, რომ არაფრის შესახებ არ ვიყავი ინფორმირებული. არ ვიცოდი შვილის იძულებითი ქორწინების შესახებ. საჯაროდ ამ თემაზე არ მსურს საუბარი, ძალიან მიჭირს”, – განაცხადა ისა შახმაროვმა.
ტელეკომპანია ფორმულამ აითაჯის სკოლის დირექტორის, გამლეტ ისმაილოვის გამოკითხვის ოქმიც მოიპოვა. რომელიც ამბობს, რომ დამრიგებელს მოსწავლის ამბის მოკითხვა დაავალა.
“5 დღეში, რადგან აითაჯი სკოლაში არ დადიოდა, მე მის დამრიგებელს დავავალე მოეკითხა ბავშვი. კლასის დამრიგებელმა მითხრა, რომ მის ძმას ო.ს-ს ესაუბრა და მან თქვა, რომ აითაჯი სადღაც არის წასული და 2-3 დღეში მოვაო. მე წასული ვიყავი საზღვარგარეთ და დავბრუნდი 25 სექტემბერს. აითაჯის კლასის დამრიგებელს დაბარებული ჰყავდა დედა. ეგანა შახმიროვა სკოლაში 5 ოქტომბერს მოვიდა და დამრიგებელს განუცხადა, რომ აითაჯი წასულია და დაბრუნდება 2-3 დღეშიო. მეც დავურეკე და იგივე მითხრა”, – თქვა გამლეტ ისმაილოვმა გამოკითხვის დროს.
საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ არასრულწლოვანი გოგო ერთი წლის წინ დანიშნეს, როდესაც ის ჯერ კიდევ 13 წლის იყო. მკვლელობაში ბრალდებულის ბიძამ, ახლიმ ასლანოვმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ დედა მოითხოვდა დალოდებას სანამ გოგო სრულწლოვანი გახდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ გამართულიყო ქორწილი. პირობას ორივე ოჯახი დათანხმდა, თუმცა ალი ასადოვმა გოგო გაიტაცა, რის შემდეგაც სოფელ ლამბალოში, ბიძის სახლში მიიყვანა.
„აითაჯის დედა გაბრაზებული იყო და ტიროდა. ეგანა და აითაჯი, ბიძის ნათიგის ზეგავლენის ქვეშ იყვნენ მოქცეულები. კაცი დას დამორჩილებას სთხოვდა. ნათიგი უყვიროდა თავის დას და ეუბნებოდა:
„რატომ მიგყავს გოგო, ჩვენში ეგეთი ადათ-წესი არ არის, გოგოს უკან წაყვანა ოჯახის შერცხვენაა“, ითხოვდა მოესმინათ მისთვის და აითაჯი დარჩენილიყო ალისთან ცოლად შერთვის მიზნით. აითაჯს უყვიროდა თუ უკან წამოხვალ თავი მომეჭრებაო. აითაჯი უსმენდა და ტიროდა. დედა და შვილო იძულები გახდნენ დათანხმებულიყვნენ. აითაჯი დარჩა ალისთან“, – თქვა ახლიმ ნასლანოვმა.
ცნობისთვის, პოლიციამ 10 ოქტომბერს დააკავა 27 წლის ასიმ ასლანოვი, რომელსაც არარეგისტრირებულ „ქორწინებაში” მყოფი 14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო ტარება ედება ბრალად. ასლანოვს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ვიდეო: დააკავეს 27 წლის კაცი, რომელმაც საგარეჯოში 14 წლის ცოლი მოკლა