LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჯარო სექტორში დაბალი ანაზღაურებაა და ეს მთლად კარგი არაა – ფინანსთა მინისტრის მოადგილე

73

დღეს გვაქვს სიტუაცია, როცა საჯარო სექტორში ანაზღაურება არის მნიშვნელოვნად დაბალი, ვიდრე კერძო სექტორში, რაც საჯარო სექტორის შემდგომი განვითარებისათვის მთლად კარგი არ არის, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში, “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

კაკაურიძის ინფორმაციით, გასულ წელს 100-მილიონ ლარზე მეტი იყო ეკონომია როგორც შტატიანი, ასევე შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებაში.

“სადღაც დანამატები შეიზღუდა, მნიშვნელოვნად შეიზღუდა პრემიები, ასევე მოხდა გარკვეული ოპტიმიზაცია, თანამდებობების გაუქმება. ამან გამოიწვია ის, რომ 2017-2018 წელს 1000-მდე საშტატო ერთეული ვაკანტური დარჩა. იმისათვის, რომ ამ თანამდებობებზე ახალი კადრების დანიშვნა არ მომხდარიყო, 2019 წლის ბიჯეტში ეს რაოდენობა მცირდება. ეს უკვე განხორციელებული ოპტიმიზაციია, რომელიც 2019 წლის ბიუჯეტში აისახა. 100- მილიონ ლარზე მეტი იყო ეკონომია 2017 წელს, რაც მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯი იყო, მაგრამ საკმაოდ რთული საჯარო სექტორისათვის. დღეს გვაქვს სიტუაცია, როცა საჯარო სექტორში ანაზღაურება არის მნიშვნელოვნად დაბალი, ვიდრე კერძო სექტორში, რაც საჯარო სექტორის შემდგომი განვითარებისათვის მთლად კარგი არ არის,“ – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ნაციონალური მოძრაობა ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს. როგორც რომან გოცირიძემ განაცხადა, ბიუჯეტში ფული არის, თუმცა, ის სოციალური პრობლემების გადასაჭრელად არაა მიმართული. მისივე თქმით, ხელისუფლება იტყუება, როცა ამბობს, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი იკლებს. გოცირიძე ამბობს, რომ ჩინოვნიკებზე გასაწევი ხარჯი იზრდება.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტს ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობას“ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცნობს. საბიუჯეტო დოკუმენტის განხილვა კომიტეტებში გაგრძელდება.