LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჯარო რეესტრი ჩვევას არ ღალატობს და კანონს არღვევს: სსიპ-ს საჯარო ინფორმაციის გაცემის პრობლემა აქვს

იუსტიციის სახლის სსიპ-ი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, “ფორტუნას” მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას არ გასცემს.

ჰოლდინგმა “ფორტუნამ”, მოქალაქის პორტალის მეშვეობით, საჯარო ინფორმაცია 6 მარტს გამოითხოვა.

წერილის სტატუსში ამ დრომდე მითითებულია “მიწოდებულია”.

რეესტრის პრესასთან ურთიერთობის სამსახურისადმი არაერთი მიმართვის შემდეგ, მოთხოვნას დაწესებულების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

ვადის დარღვევის თაობაზე, ცნობილია რეესტრის შესაბამისი დეპარტამენტისთვისაც. სადაც საქმე განხილვის პროცესშია.

რეესტრი კანონს არღვევს

კანონმდებლობით, საჯარო ინფორმაცია ღიაა და ყველასათვის ხელმისაწვდომი, გარდა სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას, ის გაიცემა დაუყოვნებლივ ან კანონით დადგენილ შემთხვევებში არაუგვიანეს 10 დღისა.

საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესს არეგულირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი III თავი და საქართველოს კანონი საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ.

არც ერთ მათგანში 2 თვიანი ვადა, გაწერილი არ არის.

 

ეროვნული სააგენტო ჩვევას არ ღალატობს

როგორც აღმოჩნდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის, უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები ახალი არ არის.

IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო სტატისტიკურ ანალიზში (ყველაზე ღია და დახურული უწყებები) რეესტრი ერთ-ერთ ყველაზე დახურულ უწყებებს შორისაა.

2017 წელს სსიპ-მა 29 მოთხოვნიდან 17 უპასუხოდ დატოვა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2010 წლიდან ახორციელებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს საქართველოში.

რეიტინგში ჩანს, რომ 2010 წელთან შედარებით სიტუაცია გაუმჯობესებულია.

თამთა უთურგაშვილი