თბილისის მერის კახა კალაძის ახალ წამოწყებას ებრძოლოს ე.წ. ფეიკნიუსებს და დაიცვას სიმართლე, საკმაო გამოხმაურება მოყვა. გარკვეული ნაწილი მსგავს წამოწყებაში მედიისა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის ნიშნებს ხედავს. კალაძის ინიციატივას გამოეხმაურა კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“, რომელმაც ოფიციალური განცხადება გაავრცელა:
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები ვეხმიანებით ქალაქ თბილისის მერის და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის ინიციატივას შექმნას ახალი პლატფორმა მედიაკრიტიკისათვის და გამოიყენოს თავისი პოლიტიკური ძალაუფლება მედიაზე თავდასხმის გასაძლიერებლად.
მიგვაჩნია, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან კრიტიკული მედიასაშუალების მისამართით მსგავსი კამპანიის წარმოება არ შეესაბამება დემოკრატიული საზოგადოების მოლოდინებს. უხეშად ეწინააღმდეგება მაღალი თანამდებობის პირთა ეთიკურ ღირებულებებს და პრინციპებს. მით უფრო, როცა არსებობს რისკი წახალისდეს ჟურნალისტების მიმართ აგრესია, სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა. განსხვავებული მოსაზრებების არსებობა დემოკრატიული საზოგადოების ბუნებრივი მოცემულობაა. გადაწყვეტილების მიღებისას და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საჯარო პირებმა კარგად უნდა გაიაზრონ დაკისრებული პასუხისმგებლობები.
თბილისის მერს, როგორ მმართველი პარტიის წარმომადგენელს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ იფიქროს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, მხარი დაუჭიროს მედიის თავისუფლებას და საკუთარი დამოკიდებულებით არ გააღრმავოს მედიაზე თავდასხმის რისკები.
თბილისის მერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მერია ფეიკნიუსთან ბრძოლას იწყებს და ვინც მერიის და მის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციიას გაავრცელებს, “ცხვირ-პირში სიმართლის მუშტი მოხვდებათ”.
“ვფიქრობ, ამ პრობლემასთან გამკლავება არის ჩვენი ვალდებულება მოსახლეობის წინაშე, პირველ რიგში მათ წინაშე, ვინც ნდობა გამოგვიცხადა და დედაქალაქის განვითარება გვანდო. დეზინფორმაცია არის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი. მეგასახელმწიფოებმა ღიად გამოაცხადეს ამ პრობლემის შესახებ და უმაღლეს დონეზე ხდება ამ მიმართულებით რესურსის მობილიზება. ყველა კარგად ხედავს, თუ როგორი დამანგრეველი ძალა აქვს დეზინფორმაციას, რა საფრთხის შემცველია საზოგადოების მოტყუება და სიცრუის ტირაჟირება. „ფეიკნიუსი“ არის, პირდაპირ ვიტყვი, ბოროტება და პოლიტიკურ იარაღად, განსაკუთრებით არჩევნების წინ ამის გამოყენებამ საქართველოში კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ფეიკნიუსი არის ბოროტება და პოლიტიკურ იარაღად მისმა გამოყენებამ კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია.
„ჩვენ გადავწყვიტეთ ვიბრძოლოთ, დავიცვათ ჩვენი სიმართლე. ჩვენ არ დაგვიწყია ეს კონფრონტაცია, უბრალოდ ვებრძვით მედიის გამოყენებას ტყუილის პროპაგანდისტად. ჩვენ ამ პროექტით ვიცავთ თითოეული კეთილსინდისიერი ჟურნალისტის პროფესიონალიზმს, ვიცავთ მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელის შრომას, ვიცავთ მოქალაქეების განწყობას, დროს და ნერვებს. ელემენტარულად ვიცავთ სიმართლეს. დღეს ვეხმიანები ბოლო პერიოდში მედიით გავრცელებულ ცრუ ბრალდებებს. მინდა, ყველამ კარგად იცოდეს, ეს არ არის რომელიმე ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, თუმცა პირდაპირ ვიტყვი, ნამდვილად არის ტყუილის და ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის მიერ ე.წ. ფეიკ-ნიუსებთან ბრძოლის კამპანიის დაწყებას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც გამოეხმაურა.
როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, კალაძის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული ბანერი, ემსახურება კონკრეტულ მედიებზე თავდასხმას.
“მე არ ვიცი რა განცხადების გაკეთებას აპირებს მერი, მაგრამ ეს ბანერი მიჩენს განცდას, რომ მიზანი არის კონკრეტულ მედიებზე დარტყმა და არა ფეიკ-ნიუსებთან ბრძოლა”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.