LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საირმე მინერალ ვოთერსი” აცხადებს, რომ პროფკავშირის წარმომადგენლის გიორგი დიასამიძის  ინტერესი გაფიცულების დაცვა არ არის

131
საირმე (1)

“საირმე მინერალ ვოთერსი” მიიჩნევს, რომ გიორგი დიასამიძეს მიზანმიმართულად შეჰყავს პროცესი ჩიხში და ხელს უშლის გაფიცულ თანამშრომლებს კომპანიასთან კონსტრუქციულ დიალოგში. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ გიორგი დიასამიძე პირადი ინტერესი უფრო ამოძრავებს, ვიდრე გაფიცულთა დაცვა.

„საირმეს“ ხელმძღვანელობა დასაწყისშივე სრულფასოვნად ჩაერთო მედიაციის პროცესში და მედიატორის მეშვეობით მოკლე დროში  წარმოადგინა წინადადება, რომელიც არ აღმოჩნდა პროფკავშირებისთვის, კერძოდ მისი წარმომადგენლის გიორგი დიასამიძისთვის “მიმზიდველი“. შედეგად, მისი გავლენის ქვეშ მოქცეულმა თანამშრომლებმაც არ გაიზიარეს ის. აქვე ხაზგასასმელია, რომ გაფიცულია თანამშრომელთა მხოლოდ ნაწილი და დღემდე, საწარმო განაგრძობს მუშაობს. ამიტომაც, პროფკავშირის სახელით გიორგი დიასამიძე ცდილობს ხელი შეუშალოს წარმოების პროცესს და საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია მიაწოდოს.

კომპანიის ადმინისტრაციამ  რამდენჯერმე გააგზავნა წინადადება, რომელსაც გაფიცულთა მხრიდან რეაგირება საერთოდ არ მოჰყოლია, უფრო მეტიც, კომპანიის ხელმძღვანელობასთან  საუბარი ულტიმატუმის ენით განაგრძეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მათი მხრიდან, მედიაციის პერიოდში, რამდენჯერმე  შეიცვალა მოთხოვნები და გაიზარდა მათი რაოდენობა, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ გიორგი დიასამიძეს არ სურს საკითხის მოლაპარაკების გზით გადაჭრა, მიზანმიმართულად აჭიანურებს პროცესს, რაც ბუნებრივად იწვევს ბრენდის რეპუტაციისა და იმიჯისთვის ზიანის მიყენებას, რეგიონში ყველაზე მსხვილი დამსაქმებლის საწარმოო პროცესის შეჩერებას და 62 თანამშრომლის სამსახურის გარეშე დატოვებას.

კომპანია ასევე აფიქსირებს პოზიციას გაფიცულებისთვის ხელფასის გადახდასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ყველა თანამშრომელი მიიღებს კუთვნილ ანაზღაურებას საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.

 

ცნობისათვის, „საირმე მინერალ ვოთერსი“, დღესდღეობით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში  ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი და გადასახადების გადამხდელია. კომპანიის ინტერესი რეგიონის განვითარების ხელშეწყობა,  დასაქმებულ ადამიანებზე ზრუნვა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაა, რასაც ამ დრომდე წარმატებით ასრულებს.  ქარხნის ყველა თანამშრომელი ადგილობრივია, დასაქმებული თანამშრომლის შემოსავალი კი რეგიონში არსებულ საშუალო ხელფასზე მაღალია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები