დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა მედიას დეკანოზის საქმეზე საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული წერილი გააცნეს, რომლითაც ილია მეორეს მოუწოდებენ, რომ პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართოს.
“თქვენო უწმინდესობავ, ბოლო პერიოდში დეკანოზ გიორგი მამალაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საზოგადოების შფოთვის საფუძველი გახდა. მოგეხსენებათ, ოჯახის მხრიდან გამოხატული პროტესტი დღითიდღე მწვავდება. ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც მსჯავრდებული დეკანოზი მძიმე კლინიკური დიაგნოზით საავადმყოფოში აღმოჩნდა. დღეისთვის მოცემულობა უკვე იმგვარია, რომ საქმე ეხება სასულიერო პირის სიკვდილ-სიცოცხლეს. ამგვარი მოწყვლადი ჯანმრთელობის მქონე ადამიანს განსაკუთრებული სამედიცინო მზრუნველობა ესაჭიროება. აქედან გამომდინარე, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მისი საპყრობილეში დაბრუნება მის ფიზიკურ სიკვდილს უდრის.
მოგმართავთ თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, ვინაიდან თქვენ ფლობთ ეკლესიის მეთაურისა და მწყემსი კეთილის უდიდეს ჰუმანურ მისიას, ვინაიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე თქვენი ეკლესიის მღვდელმსახურია, გთხოვთ, უშუამდგომლოთ საქართველოს პრეზიდენტთან მის მიმართ შეწყალების აქტის გამოცემისათვის, რათა ოჯახს და მცირეწლოვან შვილებს გიორგი მამალაძე ცოცხალი დაუბრუნდეს”, – წერია საინიციატივო ჯგუფის მიმართვაში.
დეკანოზის ერთ-ერთი ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, მათ იმედი აქვთ, რომ პატრიარქის მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება.
დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომაც გააკეთა. მინისტრის თქმით, მამალაძის მონახულებას არ აპირებს, თუმცა მისი მკურნალობა პირად კონტროლზე აქვს აყვანილი.
დეკანოზის ოჯახის წევრები უკვე რამდენიმე დღეა საპატრიარქოსთან აქციას მართავენ და გიორგი მამალაძის შეწყალებას ითხოვენ.