ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანგარიშის თანახმად, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე, ქვეყანაში შემომსვლელთა და ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არ შეიმჩნეოდა. მაგალითად, 2019 წლის მარტში რუსეთის 108,422 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო გავიდა დაახლოებით 2%-ით ნაკლები 105,814 მოქალაქე. 2022 წლის მარტის თვეში შემოვიდა 43,152 რუსეთის მოქალაქე, ხოლო გავიდა დაახლოებით 40%-ით ნაკლები 25,951 პირი. შედეგად 2022 წლის მარტში, 2019 წლის მარტთან შედარებით, ქვეყანაში დარჩენილი (შემოსულ და გასულ პირებს შორის სხვაობა) რუსეთის მოქალაქეების მაჩვენებელი 559 %-ით არის გაზრდილი.
IDFI – ის ცნობითვე, ბელარუსის მოქალაქეების შემთხვევაში 2019 წლის მარტში საქართველოში დაახლოებით იმდენი პირი შემოვიდა რაც გავიდა, ხოლო 2022 წლის მარტში 71%-ით (14,029 პირით მეტი) მეტი შემოვიდა, ვიდრე გავიდა.
„2022 წლის მარტში საქართველოში რუსეთის ყველაზე მეტი მოქალაქე შემოვიდა თბილისის აეროპორტიდან (34%), ყაზბეგის (28%) და სადახლოს (20%) სასაზღვრო პუნქტებიდან, ხოლო ბელარუსის მოქალაქეების ყველაზე დიდი წილი თბილისის აეროპორტიდან (53%) და ყაზბეგის სასაზღვრო პუნქტიდან (20%).
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის და დარჩენის არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები, მნიშვნელოვან გამოწვევად შესაძლებელია შეფასდეს ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით. აღნიშნულ ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასაზღვრო გამშვები პუნქტების ეფექტიან კონტროლს და საფრთხის შემცველი პირების ქვეყანაში შემოშვების პრევენციას“, – ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანგარიშში.