საიამ სახალხო დამცველს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის ორი მუსლიმი მოსწავლე გოგონას სახელით მიმართა. საქმე ყარაჯალის საჯარო სკოლის დირექტორის მხრიდან მოსწავლე გოგონასათვის სკოლის ტერიტორიაზე მუსლიმური რელიგიური სიმბოლოს ჰიჯაბის ტარების აკრძალვას ეხება.
საია სახალხო დამცველთან ასაჩივრებს სკოლის შინაგანაწესის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტს, რომელიც მოსწავლისაგან ითხოვს სკოლაში ქუდის, კეპის, ბენდენას და თავსახვევის ტარების აკრძალვას.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ შინაგანაწესის ეს ჩანაწერი ეწინააღმდეგება ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს, რომლითაც აკრძალულია ირიბი დისკრიმინაცია (ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულების დაუშვებლობა).
“თავსახვევის ამკრძალავი სკოლის შინაგანაწესი ნეიტრალურია რელიგიური სიმბოლოების მიმართ, თუმცა ამ დებულების აღსრულების პრაქტიკა არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მუსლიმ გოგონას ქრისტიან თანატოლებთან შედარებით. შინაგანაწესი მსგავს აკრძალვას არ აწესებს მოსწავლის მიერ საჯარო სკოლაში ქრისტიანული ჯვარის ტარებასთან დაკავშირებით.
,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ყველა დაწესებულებამ, მათ შორის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლამ თავისი შიდა რეგულაციები შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან.
განცხადებით საია თხოვს სახალხო დამცველს, რეკომენდაციით მიმართოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს, რომ შეიცვალოს შინაგანაწესი, რათა მუსლიმ მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცეს ატარონ ჰიჯაბი”,-აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.