LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საია ლაშა კაციასათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს

57

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ლაშა კაციას სახელით თბილისის პროკურატურას საჩივრით მიმართა. საია ლაშა კაციასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ საქმის ზედამხედველმა პროკურორმა ლაშა კაციას დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა და საჩივრით მიმართვაც ამიტომ გახდა საჭირო.

“დაზარალებულის სტატუსის გარეშე ლაშა კაცია მოკლებულია შესაძლებლობას გაეცნოს საქმის მასალებს და იყოს საქმის კურსში მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ის ასევე ვერ სარგებლობს საპროცესო კანონმდებლობით დაზარალებულისთვის მინიჭებული სხვა უფლებებით და საქმეში მონაწილეობს მხოლოდ მოწმის სტატუსით,”- აღნიშნავენ საია-ში.

ლაშა კაცია 2018 წლის 09 მარტს ქ. თბილისში ღამის საათებში პოლიციის სამმა თანამშრომელმა საკუთარი სახლის სადარბაზოსთან დააკავა.  ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ლაშა კაცია მათ პოლიციის მანქანაში იძულებით მოათავსეს და მიაყენეს როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 2018 წლის 09 მარტს დაიწყო.

“ამ დროის განმავლობაში ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის რამდენჯერმეა გამოკითხული ლაშა კაცია, ასევე ჩატარებულია ამოცნობა, რომლის ფარგლებშიც ლაშამ მოძალადე პოლიციელები ამოიცნო. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, დღემდე არ მომხდარა პოლიციელების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა, ასევე, ლაშა კაცია დღემდე არ არის ცნობილი დაზარალებულად.

საია მოუწოდებს თბილისის პროკურატურას, დააკმაყოფილოს წარდგენილი საჩივარი და ლაშა კაცია ცნოს დაზარალებულად,”- აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები