LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საია: გამოვლინდა საგანგაშო შემთხვევა, დაცვის მხარემ საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული ჯარიმა წინასწარ გადაიხადა და პროცესზე ქვითრით გამოცხადდა, 33 პირის მიმართ პატიმრობის შეფარდებისთვის სასამართლოს 15 წუთამდე დრო დასჭირდა

41
saia

კვლავ სუსტია სასამართლოს კონტროლი საქმის არსებითი განხილვის გარეშე, განაჩენის გამოტანის შუამდგომლობებისა და დაკავების კანონიერების შეფასების ნაწილში, – ამის შესახებ აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიშში, რომელიც 2021 წლის მარტიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

საიას შეფასებით, 82 (32%) პირის მიმართ გამოყენებული პატიმრობა იყო დაუსაბუთებელი ან არასათანადოდ დასაბუთებული.

„აღსანიშნავია, რომ წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით 6 პროცენტითაა შემცირებული პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში პირველი წარდგენის 268 სხდომაზე 353 (63%) ბრალდებული დაკავებულის სახით წარდგა სასამართლოს წინაშე.

სასამართლოს კონტროლი და პოლიციელთა მიერ არასათანადო მოპყრობა: საგანგაშოა, რომ სასამართლოში გამოცხადებულმა 9 ბრალდებულმა ისაუბრა პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე.

კვლავ სუსტია სასამართლოს კონტროლი საქმის არსებითი განხილვის გარეშე, განაჩენის გამოტანის შუამდგომლობებისა და დაკავების კანონიერების შეფასების ნაწილში, აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ 33 (13%) პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებისთვის სასამართლოს სულ რაღაც 15 წუთამდე დრო დასჭირდა. წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, ოთხი პროცენტული ერთეულით გაზრდილია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე საპროცესო შეთანხმების დადების ხვედრითი წილი. გამოვლინდა საგანგაშო შემთხვევა, როდესაც დაცვის მხარე პროცესზე გადახდის ქვითრით ხელში გამოცხადდა და თქვა, რომ საპროცესო შეთანხმების ოქმით გათვალისწინებული ჯარიმა წინასწარ გადაიხადა“, – აღნიშნავენ საიაში.

სხდომებზე დაკვირვებისას გამოკვეთილი სხვა მნიშვნელოვანი ტენდენციები:

პატიმრობის მოთხოვნა/გამოყენება: პროკურატურა 323 (58%) ბრალდებულის მიმართ ითხოვდა პატიმრობის გამოყენებას. აქედან 73 (22%) შემთხვევაში სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ანგარიში მოიცავს ფემიციდის და ოჯახში ძალადობის საქმეებს. კერძოდ, აღნიშნულია, რომ კვლავ მწვავე პრობლემაა ფემიციდის, ქალთა მკვლელობის შემთხვევები.

„საანგარიშო პერიოდში საია აკვირდებოდა ქალთა მკვლელობის არაერთ საქმეს, რომლებიც ოჯახურ დანაშაულს უკავშირდებოდა. ასევე, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა ქორწინების იძულების ფაქტი. სასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ 56 (46%) პირს შეუფარდა პატიმრობა, 59-ს (48%) – გირაო, 1 (1%) ბრალდებულს კი – შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ. ამ ბოლო შემთხვევაში ბრალდებული ქალი იყო.

მოსამართლემ ოჯახში ძალადობაში ბრალდებული 6 (5%) პირი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა. ანგარიშში აგრეთვე განხილულია სხვა ისეთი საკითხები და სხდომებზე დაკვირვების შედეგები, რომელთა მიმართაც მიმდინარე წლის განმავლობაში საზოგადოების ინტერესი მაღალი იყო.

ანგარიში მომზადებულია ნიდერლანდების საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის „Monitoring of the Judiciary” ფარგლებში. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. მასში გამოხატული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ნიდერლანდების საელჩოს შეხედულებებს”, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიმდინარე საანგარიშო პერიოდში კვლავ უალტერნატივო აღკვეთის ღონისძიების სახეებად რჩება გირაო და პატიმრობა. მათივე ცნობით, საიას მონიტორები სასამართლოში ბრალდებულის პირველი წარდგენის 490 სხდომას, 559 ბრალდებულის მონაწილეობით დაესწრნენ, საიდანაც 531 (95%) პირს შეეფარდა აღკვეთის ღონისძიება, 28 (5%) პირის მიმართ კი სასამართლომ არ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე, ასევე ბრალდების მხარეს მხოლოდ 10 პირის (2%) მიმართ არ მოუთხოვია აღკვეთის ღონისძიების გამოყენება.

“საანგარიშო პერიოდში სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 271 (51%) ბრალდებულს შეუფარდა. ბრალდების მხარე 226 (40%) პირის მიმართ ითხოვდა გირაოს გამოყენებას. სასამართლომ მხოლოდ 22 (10%) შემთხვევაში არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობის მოთხოვნა. 52 (19%) ბრალდებულის მიმართ სასამართლომ გამოიყენა გირაოს მინიმალური ოდენობა. სასამართლომ 134 (49%) პირის მიმართ, გამოიყენა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით.