ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, 2019 წლის 20 ივნისის დანაშაულის ყველა ეპიზოდი ამ დრომდე სათანადოდ გამოძიებული არ არის.
როგორც საიას განცხადებაში ვკითხულობთ, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს ეხება (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ დრომდე საქმესთან დაკავშირებით რაიმე შემაჯამებელი გადაწყვეტილება გენერალური პროკურატურის მიერ, მიღებული არ არის. გამოძიების დაწყებიდან 2021 წლამდე მხოლოდ ერთი სამართალდამცავისთვის მოხდა ბრალის წარდგენა იმ დაზარალებულების საქმეში, რომელთა ინტერესებსაც საია იცავს.
„აღსანიშნავია, რომ ამნისტიის კანონი, რომელიც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა დასასჯელისგან, აგრეთვე პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლების პირობებს ადგენს 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩადენილ დანაშაულებზე (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 1441−1443 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე), მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს 20-21 ივნისის საქმეებზე საგამოძიებო პროცესის ჯეროვანი წარმართვისთვის და არარად აქცევს 20-21 ივნისის მოვლენებზე მიმდინარე გამოძიებას.
კერძოდ, ფაქტია, რომ წლების განმავლობაში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საგამოძიებო ორგანოების მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტების სწორი კვალიფიკაცია. მომჩივანთა საქმეებიც ამის ერთ-ერთი მაგალითია.
მიუხედავად იმისა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები ნათლად მოწმობს, რომ კონკრეტულ ეპიზოდებთან მიმართებით ჩადენილია არაადამიანური ან/და დამამცირებელი მოპყრობა, რომელიც, თავისი არსით, უფრო მძიმეა, ვიდრე სსკ 333-ე მუხლით გათვალისწინებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, დღემდე გამოძიება მხოლოდ 333-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც, 2021 წლის 07 სექტემბრიდან უკვე ამნისტიას დაქვემდებარებული დანაშაულია.
ამრიგად, პერსპექტივა, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება რაიმე შედეგს გამოიღებს, პრაქტიკულად აღარ არსებობს“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, როგორც ორგანიზაცია აცხადებს, საიას დახმარებით 15-მდე პირმა უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარჩოს დაკისრებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოსარჩელეთა შორის არიან ჟურნალისტები, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, ასევე, – შემთხვევითი გამვლელები და აქციის მონაწილეები.
„დაზარალებულებმა აქციის დაშლისას გამოყენებული ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების შედეგად მიიღეს დაზიანებები. რამდენიმე მოსარჩელემ რეზინის ტყვიის მოხვედრის გამო დაკარგა თვალი, რამაც მათი შრომისუნარიანობის შეზღუდვა გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე თბილისის საქალაქო სასამართლოში არც ერთ საქმეზე არ დასრულებულა სამართალწარმოება მიუხედავად კანონით ამ ტიპის საქმეების განხილვისთვის დადგენილი შეზღუდული ვადისა და საქმეთა ნაწილის განხილვა უსაფუძვლოდ ჭიანურდება“, – ვკითხულობთ საიას განცხადებაში.
ორგანიზაციის ცნობით, საიამ მოსარჩელეთა სახელით ასევე მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც. ევროპულმა სასამართლომ საქმეების არსებითი განხილვა 2021 წლის 07 ივნისს საიას მიერ წარდგენილი ყველა მუხლის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით დაიწყო.
„გაგზავნილი საჩივრები ჯამში 22 პირის საქმეს აერთიანებს, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალდნენ. წარდგენილ საჩივრებში მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება – მედიის წარმომადგენლების შემთხვევაში), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება – დემონსტრანტების შემთხვევაში), და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევაზე მიუთითებენ.“ – წერს საია გავრცელებულ განცხადებაში.
საია იმედს გამოთქვამს, რომ გენერალური პროკურატურისა და სასამართლოს მიერ დროულად და დაზარალებულთა ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული გადაწყვეტილებები.