თბილისი, რაც დრო გადის, სულ უფრო იზრდება. ჩვენს დედაქალაქში ყველგან ხალხი ირევა: ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, გარეუბნებში, სავაჭრო ადგილებზე, ტრანსპორტში… ბუნებრივია, ამან ახალი წესების შემოღების ან დამატების საჭიროება მოიტანა და ლამის ყოველდღე ახალ შუქნიშანს, “მწოლიარე პოლიციელს”, ზებრა გადასასვლელს და სხვა შემზღუდავ ნიშანს ვხვდებით. ეს ერთის მხრივ უსაფრთხოების გამო ხდება, მეორეს მხრივ კიდევ უფრო ართულებს გადაადგილებას. მერიას ამაზე პასუხი აქვს, თუმცა მაინც რჩება კითხვა, საჭიროა კი ამდენი შუქნიშანი და შემაფერხებელი ნიშანი?
მეცნიერების ბოლო კვლევებმა აჩვენეს, რომ მონიშვნები და შუქნიშნები საჭირო არ არის. ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთ შემთხვევაში ქალაქი ქაოსში არ გაეხვევა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დასახლებული პუნქტები უფრო მშვიდი გახდება, თუ საგზაო ნიშნებს ავიღებთ.
წესრიგი თუ ანარქია
ჰანს მონდერმანი – ჰოლანდიელი ინჟინერია, რომელმაც პირველმა შეთავაზა აეღოთ ბორდიურები, ნიშნები, მონიშვნები და შუქნიშნები. მისი აზრით, მძღოლები უფრო მოწესრიგებულები გახდებიან, როდესაც ეცოდინებათ, რომ ირგვლივ ნიშნები არ არის. შედეგად, ადამიანები დაიწყებენ ურთიერთქმედებას. ასეთი რამის მიღწევა კი ხელოვნური რეგულირებით შეუძლებელია.
ჩვენ მივეჩვიეთ უამრავი რაოდენობის საგზაო ნიშნებს, რომლებსაც რეალურად სარგებელი არ მოაქვს
შეიძლება ბევრს მოეჩვენოს, რომ მსგავსი სიტუაცია ანარქიის დასაწყისი გახდება. მაგრამ საქმე სხვაგვარად აღმოჩნდა. მონდერმანის ახალი კონცეფციის პრაქტიკამ აჩვენა, რომ უბედური შემთხვევების რაოდენობა შემცირდა. გარდა ამისა, იკლო ავტომობილების გადაადგილების საშუალო სიჩქარემ. ექსპერიმენტი საკმაო დიდი ხანია დაიწყო. ამჟამად 400-ზე მეტ ევროპულ ქალაქშია მოხსნილი ნიშნები. იქ საერთო სივრცეში ურთიერთმოქმედებენ ადამიანები, მძღოლები და ველოსიპედისტები.
ცოტა ისტორიიდან…
პირველი ექსპერიმენტი დაიწყო 1980-იან წლებში. ადგილად შეირჩა ჰოლანდიის პატარა სოფელი აუდეხასკე. ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰანს მოდერმანის შვილებს მანქანა დაეჯახა. მთავარი ინსპექტორი ვითარებაში გასარკვევად გაგზავნეს, როგორ აეძულებინათ მძღოლები უფრო ნელა ემოძრავათ.
ახალმა კონცეფციამ მოულოდნელად შედეგი გამოიღო
ხალხი ელოდა გამკაცრებას და კონტროლს, მაგრამ შეთავაზეს რადიკალური ზომები. თავიდან აიღეს ყველა საგზაო ნიშანი, მერე მოაშორეს ბორდიურები. მთელი ასფალტი შეცვალეს წითელი აგურით. შეიქმნა ერთიანი სივრცე, რომელიც არ იყო დახაზული. სრულიად არ იყო გასაგები სად უნდა ევლოთ ფეხით მოსიარულებს და სად ავტომობილებს. ხალხმა ისწავლა ინტუიციურად მოძრაობა. რადგან არ იცოდნენ სად ქონდათ სიარულის უფლება და სად არა. მძღოლები უფრო ყურადღებიანი გახდნენ. თუმცა ეს იყო პატარა სოფლის გამოცდილება. არავინ იყო დარწმუნებული, რომ ასეთი რამის შემოღება გაამართლებდა დიდ დასახლებულ პუნქტებში.
ექსპერიმენტის გაგრძელება
ნიდერლანდები მასშტაბურ ექსპერიმენტს 2000 წელს შეუდგა. ახალი სისტემის დასანერგად შეარჩიეს პატარა ქალაქი დრახტენი. მისი მოსახლეობა 45 ათასს შეადგენს. ადგილობრივმა მოსახლეობამ შეამჩნია, რომ ელექტროენერგიის გათიშვის დროს ქალაქის ცენტრში საცობი თავისით შეიწოვდა, თუმცა შუქნიშნები ამ დროს არ მუშაობდნენ. ამიტომ ხალხი მივიდა დასკვნამდე, რომ შუქნიშანი მხოლოდ აფუჭებდა სიტუაციას და ჭედავდა გზებს. ამიტომ ის მოაშორეს. გზაჯვარედინზე რაღაც წრიული მოძრაობის მსგავსი მოაწყვეს, საფეხმავლო და ველობილიკები. ავტომობილებისთვის კი არანაირი წინაღობა არ ყოფილა.
ნიშნების გაუქმებამ მხოლოდ გააუმჯობესა ვითარება
ადამიანებისთვის და ველოსიპედისტებისთვის ტერიტორია მხოლოდ ფერით გამოყვეს. ახალი წესების შემოღებიდან მალევე მოგვარდა საცობების პრობლემა. კრიტიკოსები, რომლებიც თავიდან წინააღმდეგი იყვნენ, იძლებული გახდნენ ეღიარებინათ მარცხი. სიახლეების დანერგვის შემდეგ ორ წელიწადში მხოლოდ ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მანამდე კი ყოველწლიურად 36 შემთხვევა ფიქსირდებოდა.
გერმანია
ასეთი რადიკალური ცვლილებებისთვის ყველა არ ყოფილა მზად. მაგრამ 2000-იანი წლებიდან სხვა ევროპულ ქალაქებშიც დაიწყეს საგზაო ნიშნების მოშორება.
გერმანიაში 648 სხვადასხვა მანიშნებელი იყო. გზებზე კი 20 მლნ ნიშანი ეყენა. უმეტესი ნაწილი ქალაქის ცენტრში. ზოგიერთ ადგილზე, 100 მეტრში შესაძლებელი იყო 20-მდე მანიშნებლისა და ნიშნის ნახვა. გამოკითხვის შედეგად, მოსახლეობის 75% უკმაყოფილო იყო საგზაო ნიშნების ასეთი რაოდენობით.
გერმანიაში ექსპერიმენტმა დადებითი ცვლილებები მოიტანა
2007 წელს ქალაქმა ბომტემ მიიღო მონაწილეობა სიახლეში. ნიდერლანდების, გერმანიის, ბელგიისა და დიდი ბრიტანეთის კიდევ ექვსმა ქალაქმა თქვა უარი ნიშნებზე. ამ მომენტამდე გერმანიის 100 დასახლებულ პუნქტში დანერგეს მსგავსი სიახლე. თუმცა სრულად ყველა მონიშვნასა და ნიშნებზე უარი მარტო ბომტეში თქვეს.
პატარა ქალაქის ქუჩებიდან აიღეს ყველა შეზღუდვა და პრიორიტული მოძრაობის ნიშნები. დატოვეს მარტო ქალაქში 50 კმ/სთ-მდე სიჩქარით მოძრაობის აკრძალვა. პირველი შედეგები ერთ თვეში უნდა შეეჯამებინათ. ბომტეში წლიურად 45 ავარია რეგისტრირდებოდა. ნიშნების აღების შემდეგ თვეში არცერთი ავტოსაგზაო შემთხვევა არ მომხდარა.
აშშ და სხვა ქვეყნები
თანდათან ექსპერიმენტი გასცდა ევროპულ ქვეყნებს. აშშ-ში მიიღეს გადაწყვეტილება შეემცირებინათ საგზაო ნიშნები. სპეცილისტებმა დაამტკიცეს, რომ აუცილებელი იყო მაჩვენებლების რაოდენობის შემცირება, რადგან ის საერთოდ არ ცვლიდა მძღოლებისა და ხალხის მოქმედებას გზაჯვარედინებზე.
შესაძლოა ერთ დღესაც მთელმა მსოფლიომ თქვას უარი მონიშვნებსა და ნიშნებზე
2012 წელს საერთო სივრცე დანერგეს ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში. დადებითი შედეგი უკვე ერთ თვეში შეამჩნიეს. 2010 წელს ბევრი ბრიტანული ქალაქი გადავიდა საერთო სივრცეზე. შესაძლებელია მომავალში ყველა დიდმა ქალაქმა თქვას უარი მონიშვნებსა და საგზაო ნიშნებზე.
გავაუმჯობესოთ ტრანსპორტი, განტვირთოთ საცობები: თბილისში “ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემები” დაინერგება
და რა ხდება ჩვენთან? ჯერჯერობით საქმე პირიქითაა. ემატება და ემატება მონიშვნები, საგზაო ნიშნები, შეზღუდვები, შუქნიშნები და ეს ხდება გარეუბნებშიც კი, სადაც მოძრაობა ბუნებრივია მომატებულია, მაგრამ ყველა კორპუსთან შეზღუდვების შემოღება ალბათ მაინც გადაჭარბებულია. განსაკუთრებით ბევრია “მწოლიარე პოლიციელი”, რომელიც შესაძლოა რამდენიმე ათეულ მეტრშიც კი იყოს ერთმანეთის მიყოლებით დამონტაჟებული.
ისედაც ნერვებდასაწყვეტ მოძრაობაში, ამდენ უვარგის და ძალიან ხშირად გადაკეტილ გზებზე, კიდევ დამატებითი ხელოვნური ბარიერების აღმართვა და მოძრაობის შეფერხება უმნიშვნელო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, რამდენად გამართლებულია, ამაზე საუკეთესო პასუხი ალბათ თავად მძღოლებსა და ფეხით მოსიარულეებს აქვთ.