საავტომობილო გზების დეპარტამენტი მომავალ წლებში უპრეცენდენტო რაოდენობისა და სიდიდის პროექტების განხორციელებას იწყებს. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში კვალიფიკაციური სპეციალისტების ნაკლებობაა, გზების დეპარტამენტმა თხოვნით მიმართა მოქმედ კონტრაქტორებს, საკონსულტაციო ფირმებს, რომლებიც ახორციელებენ საპროექტო და საზედამხედველო სამუშაოებს, რათა მათ მუშაობის პროცესში განახორციელონ ახალი კადრების მომზადება და გადამზადება, რომლებიც შემდეგ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დასაქმდებიან.
ინიციატივას პირველი გამოეხმაურა სს. ინსტიტუტი იგჰ და მისი პარტნიორი ავსტრიული სამშენებლო კომპანია Avenue Osteuropa GmbH, რომლებმაც აწარმოეს მოლაპარაკება ხორვატიის მთავრობასთან, რის შედეგადაც 50 ადამიანს მიეცემა საშუალება ევროპულ სამშენებლო მოედნებზე მიიღონ კვალიფიციური ცოდნა, რომელსაც შემდეგ საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხოეციელებისას გამოიყენებენ.
პროექტის ფარგლებში შერჩეული სპეციალისტები (არმატურის, ბეტონის, რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მონტაჟის სპეციალისტები) 2-3 თვით გაემგზავრებიან ხორვატიაში და გადანაწილდებიან კომპანია Avenue Osteuropa GmbH-ის სხვადასხვა სამშენებლო უბანზე, სადაც საველე პირობებში შეისწავლიან გზების, გვირაბებისა და ხიდების მშენებლობასთან, ბეტონის სამუშაოებთან და საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეკონსტრუქციასთან დაკავშირებულ თანამედროვე ტექნოლოგიებს და გაეცნობიან ევროპულ სტანდარტებს.
სტაჟირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს კომპანია Avenue Osteuropa GmbH დაფარავს.