ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტის მიერ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ ანგარიშზე კენჭისყრასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ ანგარიშს კენჭი უყარა.
2016 წლის 5 სექტემბერს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) კენჭი უყარა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებლის მარია გაბრიელის (EPP) ანგარიშს საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ.
მომხსენებლის მიერ წარდგენილ ანგარიში დამტკიცდა კომიტეტის წევრთა დიდი უმრავლესობით. ამასთან, განისაზღვრა ევროპარლამენტის მხრიდან მომლაპარაკებელი ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც მიღებული მანდატის საფუძველზე ევროკომისიასა და ევროკავშირის საბჭოსთან კონსულტაციების მეშვეობით შეათანხმებს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით 539/2001 რეგულაციაში ცვლილების საბოლოო ტექსტს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება LIBE კომიტეტის კენჭისყრის შედეგებს, რაც საქართველოს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმების აღიარების და ევროკავშირის პარლამენტის მხრიდან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა.
ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭის ყრისა და რეგულაციის მიღების შემდეგ ცვლილებას დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო.