LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთის პროვოკაციებზე ისაუბრა

121
შეხვედრა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ტოივო კლაართან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა  უწყების ინფორმაციით, მხარეებმა  2020 წლის დეკემბერში გამართული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი შეაფასეს და დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული რთული მდგომარეობა.

მათივე ცნობით, მინისტრის მოადგილემ სპეციალურ წარმომადგენელს ინფორმაცია რუსეთის ბოლოდროინდელ პროვოკაციებზე მიაწოდა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე და სამედიცინო ევაკუაციის შეფერხებაზე, რასაც  ახალგორის რაიონში არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ისევე, როგორც ქართველთა ეთნიკურ დისკრიმინაციაზე.

“მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლად გათავისუფლების, ასევე დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობას,” – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების განცხადებით, ასევე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის ფედერაციის მიერ გააქტიურებულ ანექსიურ პროცესებზე. შეხვედრაზე მწვავედ დაისვა გალში ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმების რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად, გამართვის აუცილებლობა.

“ლაშა დარსალიამ განსაკუთრებული აქცენტი  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გააკეთა, რომელიც იურიდიულად  რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციასა და ეფექტურ კონტროლს ადასტურებს, ხაზს უსვამს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს,” – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, მხარეებმა ასევე ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ხელშესახები შედეგების მიღწევის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.

“ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამშვიდობო პროცესში ჩართულობისთვის და აღნიშნა საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ორგანიზაციების ქმედითი ჩართულობის მნიშვნელობა – ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაში პროგრესის მიღწევისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში წინსვლის მიზნით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები